ლიეტუვის სეიმმა პრემიერ-მინისტრად ინგა რუგინენე დაამტკიცა

ინგა რუგინენე

ლიეტუვის სეიმმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სოციალური დაცვისა და შრომის ყოფილი მინისტრი ინგა რუგინენეს კანდიდატურა დაამტკიცა.

ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, რუგინენეს კანდიდატურას 78-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 35 იყო, 14-მა კანონმდებელმა კი თავი შეიკავა.

ოფიციალურად რუგინენე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას მას შემდეგ შეუდგება, რაც მის კანდიდატურას პრეზიდენტი დაამტკიცებს და ის პარლამენტის წინაშე ფიცს დადებს.

ლიეტუვის სეიმში ინგა რუგინენეს კანდიდატურის დასამტკიცებლად კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც „ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ კოალიციის ფორმირების შესახებ შეთანხმება გააფორმა პოპულისტურ პარტია „ნემანის განთიადთან“, ლიეტუველი ფერმერებისა და მწვანეების კავშირთან და პრორუსული განწყობებით ცნობილი „ქრისტიანული ოჯახების ალიანსთან“. ერთობლივად, კოალიციას 141-ადგილიან სეიმში 82 ადგილი ექნება.

რუგინენეს მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამის წარსადგენად 15-დღიანი ვადა აქვს.

სეიმში კენჭისყრის პარალელურად, ვილნიუსში ახალი სამთავრობო კოალციიის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა სახელწოდებით „სირცხვილის დღეს“. აქციის მონაწილეები მმართველ კოალიციაში პარტიის „ნემანის განთიადის“ და „ქრისტიანი ოჯახების ალიანსის“ შესვლას აპროტესტებდნენ.

ლიეტუვაში ახალი კოალიციის ფორმირება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ივლისში პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი ბიზნესკავშირების სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა