ლევან ჟორჟოლიანი: ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული ფაქტობრივად გამორიცხავს ნებისმიერ კორუფციულ რისკს ბაზრის კვლევის ეტაპზე

ლევან ჟორჟოლიანი

შესყიდვების სააგენტოსა და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლობით შექმნილი იქნა ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს ნებისმიერ კორუფციულ რისკს ბაზრის კვლევის ეტაპზე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ბაზრის კვლევის სწორად ჩატარება არის სახელმწიფო შესყიდვის, დაგეგმილი ტენდერის სწორად და ხარჯთეფექტიანად ჩატარების აუცილებელი საფუძველი.

„შესყიდვის პროცედურებში ბაზრის კვლევას უკავია ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. თუკი ბაზრის კვლევას ატარებს არასწორად, შემდეგ შეიძლება მთელი შესყიდვა არასწორად ჩაატარო და მაგალითად, გარკვეულ საქონელში და მომსახურებაში გადაიხადო 2-ჯერ ან 3-ჯერ მეტი, ვიდრე ეს რეალურად ბაზარზე ღირს. ამისთვის, შესყიდვების სააგენტოსა და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლობით შექმნილი იქნა ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს ნებისმიერ კორუფციულ რისკს ბაზრის კვლევის ეტაპზე. ბაზრის კვლევის სწორად ჩატარება არის სახელმწიფო შესყიდვის, დაგეგმილი ტენდერის სწორად და ხარჯთეფექტიანად ჩატარების აუცილებელი საფუძველი. შესაბამისად, როდესაც გამოაცხადებს შემსყიდველი ბაზრის კვლევას, ის ეგზავნება აბსოლუტურად ყველა მომწოდებელს, ამიტომ გამორიცხულია გარკვეული ან კარტელური შეთანხმება ან რამდენიმე მომწოდებელს შორის შეთანხმება, მათ შორის, შემსყიდველთან ან ერთმანეთში. თუ არის 100 მომწოდებელი, 100-ვე მომწოდებელთან მივა. ასევე, შედეგებს შემსყიდველი ვერ ნახულობს, სანამ დრო არ ამოიწურება შეთავაზებების წარმოდგენის. აქაც მანიპულაციის საშუალებები ფაქტობრივად არ არსებობს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, ბაზრის კვლევის ეტაპზე ელექტრონული ფორმით ბაზრის კვლევის ჩატარება არის აბსოლუტურად ქართული ნოუჰაუ და სხვა არცერთ ქვეყანას აღნიშნული არ აქვს.

„ასევე, ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჩავაშენოთ პროგრამულად ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი, რაც ასევე გამჭვირვალობის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული სისტემა არ არსებობს ევროპის არცერთ ქვეყანაში, ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში და არც კანდიდატ ქვეყნებში. შეიძლება ითქვას, რომ ეს ქართული ნოუჰაუ არის. არსებობს შესყიდვების ელექტრონული მოდულები გარკვეულ ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ ბაზრის კვლევის ეტაპზე ელექტრონული ფორმით ბაზრის კვლევის ჩატარება, ეს არის აბსოლუტურად ქართული ნოუჰაუ და სხვა არცერთ ქვეყანას აღნიშნული არ აქვს. ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად დავაზღვევთ ნებისმიერ კორუფციულ რისკს.

მნიშვნელოვანია, რომ 2026 წლის ივნისიდან ამოქმედდება ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტო. ეს იქნება სააგენტო, რომელიც კონსოლიდირებულად შეისყიდის სახელმწიფოსათვის დიდი რაოდენობით საქონელსა და მომსახურებას. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს 2 მილიარდი ლარის ღირებულებაზე მეტ შესყიდვას წლიურად, რომელიც შეიძლება გაიზარდოს. დანარჩენ შემსყიდველ ორგანიზაციებს, სამინისტროები, სსიპ-ები და ა.შ. განესაზღვრებათ მარჟები, რომლის ქვევითაც ისინი იყიდიან, ხოლო ამის ზევით უკვე პასუხისმგებელი იქნება კონკრეტულად ეს უწყება. ეს უწყება ასევე დაკომპლექტებული იქნება ძალიან სერიოზული პროფესიონალური კადრებით, რომელთა აუცილებელი შერჩევის კრიტერიუმი იქნება წესიერება და კეთილსინდისიერება. აღნიშნული პროფესიონალები ჩაატარებენ ამ შესყიდვებს და ასევე ბოლომდე მიყვებიან მონიტორინგის ნაწილში, როგორ ხდება მოწოდება, მომსახურება და ამითაც გადაზღვეული იქნება ნებისმიერი კორუფციული რისკი.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ბიუჯეტის ხარჯთეფექტური ხარჯვა და კორუფციასთან ბრძოლა, რაც ამ მიზნის მისაღწევად არის ერთ-ერთი აუცილებელი საშუალება. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 2 უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქმნება, ერთი, ეს არის ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული და ცენტრალიზებული შესყიდვის ორგანო, ცენტრალური შესყიდვების სააგენტო“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.