ლევან სანიკიძე: 13 სექტემბრის აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება წარმოდგენილი, არ არსებობს პროტესტის კერა, განსაკუთრებით ქუჩის საპროტესტო მოძრაობა, სადაც ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას

ლევან სანიკიძე

13 სექტემბრის აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად იქნება წარმოდგენილი. ჩვენთვის არ არსებობს პროტესტის კერა, განსაკუთრებით ქუჩის საპროტესტო მოძრაობა, სადაც ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

ლევან სანიკიძის თქმით, აქციას კონკრეტული გზავნილი აქვს, რაც უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხთან არის დაკავშირებული.

„„ნაციონალური მოძრაობა“ 13 სექტემბრის აქციაზე იქნება წარმოდგენილი, ვინაიდან ჩვენთვის არ არსებობს პროტესტის კერა, განსაკუთრებით ქუჩის საპროტესტო მოძრაობა, სადაც ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას. კონკრეტული გზავნილი აქვს ამ აქციას, რაც დაკავშირებულია უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხთან. 31 აგვისტოს ჩვენ გვეცოდინება ევროკავშირის პასუხი. ცხადი იქნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა ის პირობები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“, ვერ ვიტყვი, რომ წაუყენეს, უბრალოდ, შესაბამისი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ უვიზო მიმოსვლის არშეჩერებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

რვა ოპოზიციურმა პარტიამ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა, უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე და დაუბრუნდნენ ერთობას. ამასთან, ოპოზიციიურმა პარტიებმა 13 სექტემბერს აქცია დაანონსეს.