1741625477
ლევან ნიკოლეიშვილი: ჩვენ ალბათ, მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ „დიფ სთეითს“ რეალურად საქართველოსთან ბრძოლა არ შეუწყვეტია - ერთგვარი ცვლილება ტაქტიკამ განიცადა

ჩვენ ალბათ, მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ „დიფ სთეითმა“ რეალურად საქართველოსთან ბრძოლა არ შეწყვიტა, უბრალოდ ტაქტიკამ ერთგვარი ცვლილება განიცადა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა, რომელიც „დიფ სთეითზე“ მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, თუ ადრე რადიკალური ძალებისთვის სხვადასხვა დონორის საშუალებით ხდებოდა მიმართულების მიცემა, ახლა ტაქტიკა შეიცვალა. აღნიშნული გამოიწვია იმან, რომ USAID, „კანვასი“ და სხვა დონორები უკვე ვეღარ არიან ის დაჯგუფებები, რომლებიც რადიკალურ ძალებს „მაშველ რგოლებს გადმოუგდებენ“. ამდენად, ეს ფუნქცია ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებმა შეითავსეს. მათი მიზანია, საქართველო როგორმე ჩართონ ისეთ პროცესებში, რაც ქვეყნისთვის მიუღებელია.
„ასეთი მცდელობები სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა ტაქტიკითა და ინსტრუმენტებით არაერთი ყოფილა, მაგრამ როგორც წესი, ისინი კრახს განიცდიან. კრახს განიცდიან ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი უმრავლესობა განწყობილია სწორედ მშვიდობისკენ, სტაბილურობისკენ, თავის სახელმწიფოში ნორმალური ცხოვრებისთვის და ამავდროულად, ჩვენ მენტალურად არ ვართ ისეთი ადამიანები, რომლებიც ასე ადვილად ეგუებიან უცხო ქვეყნების ჩარევასა და დიქტატს. შესაბამისად, ეს ადამიანები და სახელმწიფოები, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული ასეთ საკითხებთან, ძალიან სერიოზული მარცხის წინაშე დადგებიან. უბრალოდ, ამას უნდა მაქსიმალური მობილიზება. ყურადღების გამოჩენა და ბრძოლის გაგრძელება მათ წინააღმდეგ, რადგან სხვა გზა ჩვენ არც გაგვაჩნია და არც არსებობს“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „Deep State-ის რებრენდინგისა და მოდერნიზაციის შემდეგ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოსა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ უფრო გახშირდება თავდასხმები და გამუდმებული მცდელობა, რომ ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეიცვალოს“.