1761825060
ლევან მახაშვილი საკონსტიტუციო სარჩელის გამო ევროსაბჭოს მომხსენებელთა კრიტიკაზე: პოლიტიკური პარტიები უკვე უამრავი წელია, გადაიქცნენ რადიკალურ ჯგუფებად, ჩვენი ფუნდამენტური უფლებაა, რომ დავიცვათ დემოკრატია, დემოკრატიამ დაიცვას თავი
 
                                                                ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი მმართველი ძალის მიერ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის გამო ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის თანამომხსენებლების კრიტიკას წარმოუდგენელს უწოდებს.
მახაშვილი აღნიშნავს, რომ დემოკრატიას აქვს უფლება, თავი დაიცვას.
„ის, რომ გვაკრიტიკებენ, თუ საერთოდ რატომ მივმართეთ სასამართლოს, ყოვლად წარმოუდგენელია, პოლიტიკურადაც კი. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიები უკვე უამრავი წელია, გადაიქცნენ რადიკალურ ჯგუფებად, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ფუნდამენტური უფლებაა, რომ დავიცვათ დემოკრატია, დემოკრატიამ დაიცვას თავი, საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ვიდავოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. სხვა რა არჩევანია - მათ ქვეყნებში როგორ წყვეტენ ამ თემებს, პარტიებში უვარდებიან პოლიციური ძალებით და ასე შლიან პოლიტიკურ პარტიებს? რა თქმა უნდა, ერთადერთი ცივილური, ევროპული გზა არის სამართლებრივი დავა და სწორედ ამ ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გამართული დისკუსიის შემდეგ, საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ კონგრესის თანამომხსენებლებმა, ბერნდ ფორინგერმა (გერმანია, EPP/CCE) და სტიუარტ დიკსონმა (დიდი ბრიტანეთი, ILDG), შემდეგი განცხადება გააკეთეს, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტის წევრების გადაწყვეტილებას, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყანაში სამი ძირითადი ოპოზიციური ძალის აკრძალვის მოთხოვნით“.
საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც პარტიების აკრძალვას გულისხმობს, საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე 30 ოქტომბერს შევიდა.
 
                                                     
                                                     
                                                    











