ლევან მახაშვილი ელენე ხოშტარიაზე: ღიმილის მომგვრელია ამ ადამიანებისგან საქართველოს ხელისუფლებისთვის პრო რუსული იარლიყის მიწებება, როდესაც პირდაპირ თავის ჯიბეებს ისქელებენ რუსეთის ბიუჯეტიდან

ლევან მახაშვილი

როგორც ჩანს ეს ადამიანი წარმატებით ახორციელებს დავალებას, რომ მაქსიმალური დესტაბილიზაცია შემოიტანოს, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ელენე ხოშტარიაზე საუბრისას.

„უკვე რამდენჯერ ხდება, რომ თითოეული მსგავსი ტიპის რადიკალური ნაბიჯების შემდგომ ხდებოდა ხოლმე თანხის გადმორიცხვა რუსეთის ბიუჯეტიდან. ნამდვილად ღიმილის მომგვრელია ამ ადამიანებისგან საქართველოს ხელისუფლებისთვის პრო რუსული იარლიყის მიწებება, როდესაც პირდაპირ თავის ჯიბეებს ისქელებენ რუსეთის ბიუჯეტიდან. ადამიანებმა, რომლებიც მათ მხარს უჭერენ საერთაშორისო არენაზე, მათ პატრონობენ, მფარველობენ, ჰკითხონ საკუთარ თავებს რეალურად ვის უჭერენ მხარს.

თუ ეს არის დადასტურებული ინფორმაცია , გამოდის, რომ ეს ელჩი შეგნებულად თუ შეუგნებლად ახალისებს იმ ძალადობრივ ნაბიჯებს. მას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო დიდი პატივისცემით, რომ ეს არის ვენის კონვენციის პირდაპირი დარღვევა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ელენე ხოშტარიას დაკავებიდან რამდენიმე საათში მისი მამის, გოგი ხოშტარიას ანგარიშზე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 9 მილიონი რუბლი ჩაირიცხა, რაც დაახლოებით 110 ათასი დოლარის ეკვივალენტია.