ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება ადასტურებს, რამდენად სწორი პოლიტიკა აწარმოა „ქართულმა ოცნებამ“, რამდენად უალტერნატივო იყო ის ნაბიჯები, რაც ჩვენ გადავდგით

ლევან მაჭავარიანი

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება ადასტურებს, თუ რამდენად პრაგმატული და სწორი პოლიტიკა აწარმოა „ქართულმა ოცნებამ“ და რამდენად უალტერნატივო იყო ის ნაბიჯები, რაც ჩვენ გადავდგით. ისინი მეორე ფრონტის გახსნისკენ მოგვიწოდებნენ, რომელიც დახურულ კარს მიღმა არაერთხელ გააჟღერეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ცის ჩაკეტვას, მოხალისეების ჩარტერით გაგზავნას და ლანძღვა-გინებით საუბარს.

„ჩვენ წითელ ხაზებს არ ვკვეთ და საჯაროდ რაღაცები არ გამოგვაქვს, მაგრამ ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ცის ჩაკეტვას, მოხალისეების ჩარტერით გაგზავნას და ლანძღვა-გინებით საუბარს. ეს ყველაფერი სანამდე მიგვიყვანდა? დღეს იმის გარანტორი და გადამზღვევი ვინ იქნებოდა, რომ ჩვენ არ ვიქნებოდით იგივე მდგომარეობაში, რაშიც უკრაინა? ამ ყველაფრისგან ევროკავშირი დაგვიცავდა, რომელიც რუსეთს შეატოვეს, გაწირულია და ყველას თავისი დაპირება დაავიწყდა, რომ დაჩქარებული წესით ნატო-სა და ევროკავშირში უნდა მიეღოთ. მთელი მსოფლიო ასეთ ტყუილში აცხოვრეს და ყველაზე სამწუხაროა, რომ უკრაინას ამყოფებენ ტყუილში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ „მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებას როცა მიაღწევენ, დაგვჭირდება რუსეთთან ერთად უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა, მოგვწონს ეს თუ არა, რუსეთი ჩვენს კართანაა“.