მუსიკალური შოუ „American Idol“-ის დირექტორი და მისი მეუღლე სახლში გარდაცვლილები იპოვეს
1752615782
ოპოზიცია ქუჩაში რომ დატოვეს და პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა არ მიაღებინეს, ეს მათი ბრალია, თორემ დიალოგისთვის ყველაზე კარგი პლატფორმა არის პარლამენტი, სადაც ოპოზიციას შეეძლო გამოეყენებინა ტრიბუნა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების წერილის კომენტირებისას.
მან დიალოგის გამართვის მზაობაზე ისაუბრა.
„ყველა დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის გამართვაზე მზაობას კიდევ ერთხელ ვაცხადებთ. რადიკალურ ოპოზიციას თუ გულისხმობენ, მათი გათვლებით ისინი ქუჩაში რომ დატოვეს და პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა არ მიაღებინეს, ეს მათი ბრალია, თორემ დიალოგისთვის ყველაზე კარგი პლატფორმა არის პარლამენტი, სადაც ოპოზიციას შეეძლო გამოეყენებინა ტრიბუნა, კომისიაში ჩართულიყვნენ, კომიტეტების მუშაობაში და ასე შემდეგ. ეს თავად გარე უფროსებმა დაავალეს, რომ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა არ მიეღოთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების წერილში საუბარია ოპონენტების პოლიტიკურ დევნაზე.
„როდესაც ისინი საუბრობენ რაღაც პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ესეც სწორედ მათი დავალებით მოხდა, რომ რადიკალური ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი. ყველამ კარგად იცოდა, რა სასჯელი მოჰყვებოდა ამას და ეს სასჯელი მხოლოდ საქართველოში არ არის. აბსოლუტურად ყველა განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაშია. ხშირ შემთხვევაში გაცილებით მკაცრი, ვიდრე ამას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს - ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, რის ფონზე ეძახიან მათ პოლიტპატიმრებს ან აქ პოლიტიკური დევნა სად ჩანს, სად იკვეთება?! ეს ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
საუბრისას მან ასევე გაიხსენა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინიციატივა შეწყალებაზე, რომელიც დაკავებულ რადიკალ ოპოზიციონერ ლიდერებს შესთავაზა.
17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელდა წერილი, რომელსაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნუალია, რომ წერილი უნდა შეფასდეს როგორც მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე.