1751921238
„ლელოსთან“ ერთად საერთო კანდიდატებზე გვექნება მსჯელობა - ანა ბუჩუკური

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება თვითმმართველობის არჩევნებზეც. პოლიტიკური შეფასებების თემაა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ არჩევნების მოსაგებად ექვს დიდ ქალაქში იბრძოლებენ, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში არჩევნებს კი ბოიკოტს გამოუცხადებენ.
მისივე თქმით, ოპოზიციას უნდა ჰყავდეს საერთო კანდიდატები, მათ შორის თბილისში, სალომე ზურაბიშვილი.
თავად ზურაბიშვილის პოზიცია უცნობია, ელისაშვილის მოსაზრებები გაუგებარი და ალოგიკურია ოპოზიციის ნაწილისთვის.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, ისინი იბრძოლებენ ყველგან, სადაც შესაძლებელი იქნება. რაც შეეხება ელისაშვილის განცხადებას, სიორიძის თქმით, ეს ის ექვსი ქალაქია, სადაც "ქართული ოცნება" არჩევნებში დამარცხდა.
"გამომდინარე იქიდან, რომ ერთიანობაზე შეთანხმება ვერ შედგა, სადაც ვიყავით მზად, რომ მარტო თბილისისთვის გვებრძოლა, სადაც ვთმობდით საარჩევნო ნომერს, სიმბოლიკას, ახლა ვიბრძოლებთ ყველგან, სადაც არის შესაძლებელი.
რაც შეეხება კონკრეტულ ფიგურებს, ეს არის მომდევნო დღეებისა და კვირების სასაუბრო, ყველასთან გვექნება კონსულტაცია.
ექვსი ქალაქი, შედეგობრივად არის ის ქალაქები, სადაც დამარცხდა "ქართული ოცნება", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, პარტია "საქართველოსთვის" და "ლელო" ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატურის წარდგენაზე იმსჯელებენ.
"ბოიკოტს არსად არ ვაპირებთ. რაც შეეხება სალომე ზურაშვილის კანდიდატობის საკითხს, თვეების წინ, გვქონდა ეს იდეა, ჩვენი იდეაა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის იდეა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია.
"ლელოსთან" ერთად საერთო კანდიდატებზე გვექნება მსჯელობა. რაც შეეხება კონკრეტულად ელისაშვილის ნათქვამს, მგონი, საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და როგორც ვიცი, ეს მხოლოდ ალეკოს ნათქვამია", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.