ლაშა ბუღაძემ, ბექა ყორშიამ და ქეთი ქერაშვილმა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტს სიტყვით მიმართეს

ბუღაძე

ევროპარლამენტში ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

ევროპარლამენტარებთან ერთად, სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ, ასევე, ლაშა ბუღაძე, ბექა ყორშია და ქეთი ქერაშვილი.

ლაშა ბუღაძის განცხადებით, „საქართველო არასდროს იქნება „რუსული სამყაროს“ ნაწილი, რადგან არც პუტინისტურ რუსულ სამყაროს უწერია დიდი დღე და ამ ბრძოლაში ყველა ერთიანი უნდა იყოს“.

„აჩვენე შენი ძალა, რითიც შენს იდეალებს დაიცავ, პუტინი უნდა დამარცხდეს და უნდა დაისაჯოს ყველა მისი სატელიტი ჩემს ქვეყანაში, რომელიც ევროპას აშორებს საქართველოს და დამოუკიდებლობას გვაკარგვინებს, რათა ავტოკრატმა პრორუსმა ოლიგარქმა, ივანიშვილმა შეინარჩუნოს ძალაუფლება. ისინი დღენიადაგ აძაგებენ ევროპას. პროპაგანდის მეშვეობით, მტრის ხატად აქვთ დასავლეთი გამოცხადებული და თავად კი ყველა დასავლური პრივილეგიით სარგებლობენ – მოგზაურობით, გართობით თუ ოჯახის წევრების სწავლით, თუ ცხოვრებით დასრულებული. ამ თვალთმაქცობას კი ბოლო უნდა მოეღოს. ჩვენ ვიბრძვით, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ევროპის ზურგი უნდა ამაგრებდეს ჩვენს ბრძოლას. საქართველო არასდროს იქნება „რუსული სამყაროს“ ნაწილი, რადგან მჯერა, არც პუტინისტურ რუსულ სამყაროს უწერია დიდი დღე, და ამ ბრძოლაში ყველა ერთიანები უნდა ვიყოთ. ტერორი და ომი მუდმივ რეალობად არ უნდა იქცეს ევროპაში“, – აღნიშნა ლაშა ბუღაძემ.

ბექა ყორშიას განცხადებით, სამწუხაროდ, საქართველო ციხედ გადაიქცა.

„ძალიან ლამაზ ციხედ — მთებით, ღვინით, პოლიფონიური სიმღერით, დიდებული ლიტერატურით — მაგრამ მაინც ციხედ. მხოლოდ რამდენიმე პრივილეგირებული ოჯახი გრძნობს თავს კარგად. დანარჩენები — ჟურნალისტები, მშრომელები, მსახიობები, ოპოზიციის წარმომადგენლები — ყოველდღიურ შიშში ცხოვრობენ.ახლა მე არ ვლაპარაკობ, როგორც მსხვერპლი. ვსაუბრობ, რადგან ჯერ კიდევ მჯერა, რომ ლაპარაკს ჯერაც აქვს მნიშვნელობა. და, რაც მთავარია, მჯერა, რომ ევროპა — ნამდვილი ევროპა — უსმენს, როდესაც სიმართლე ლაპარაკობს. თუნდაც აქცენტით. ამიტომ მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს: ნუ აქცევთ „სტრატეგიულ მოთმინებას“ მორალურ დუმილად. ახლა არა განცხადებების, არამედ ქმედების დროა. დაბოლოს, მინდა ქართველ ხალხს მივმართო: გჯეროდეს, საქართველო, გჯეროდეს საკუთარი ძლიერების, თავისუფლების და შენი ადგილის დიდ ევროპულ ოჯახში. გჯეროდეს, რადგან მთელი მსოფლიო გიყურებს; გჯეროდეს, რომ ყოველი მსხვერპლი, რომელიც თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე გაგიღია, ფუჭად არ ჩაივლის“, – განაცხადა ბექა ყორშიამ.

ბექა ყორშიამ სიტყვით გამოსვლისას მზია ამაღლობელის შესახებაც ისაუბრა.

„დღეს ერთი განსაკუთრებული ქალის სახელი უნდა ვთქვა. ხმამაღლა, მინდა, ისევე ხმამაღლა ვთქვა, როგორიც სამშობლოსადმი მისი ერთგულება და სიყვარულია. ეს ქალი ჩემი კოლეგა მზია ამაღლობელია, რომელიც ახლა პოლიტიკური პატიმარია და აბსურდული ბრალდებით ზის ციხეში. მზია ამაღლობელი – თავისი უტეხი ხასიათითა და სიძლიერით არა მხოლოდ ქართველი ქალის, არამედ თავად საქართველოს სახეა. თავისუფლება მზია ამაღლობელს“, – აღნიშნა ბექა ყორშიამ.

ამასთან, ქეთევან ქერაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმის შესახებ, რომ „საქართველო თუ დაკარგავს თავისუფლებას და გადავარდება ავტორიტარიზმსა და რუსულ გავლენაში, ეს ევროპის მომავლის ნაწილის დაკარგვა იქნება“.

„ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ჩვენ გვჭირდება ქმედება, რადგან ეს ბრძოლა მხოლოდ საქართველოს არ ეხება, ის ეხება ევროპას. თუ საქართველო დაკარგავს თავისუფლებას და გადავარდება ავტორიტარიზმსა და რუსულ გავლენაში, ეს ევროპის მომავალის ნაწილის დაკარგვა იქნება. მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით. უშიშრად გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე. ჩვენ ვილაპარაკებთ, ვიმღერებთ, დავწერთ, გავაპროტესტებთ, ვიბრძოლებთ და არ შევჩერდებით, ვიდრე ეს ბრძოლა არ იქნება მოგებული. შემიძლია, უამრავი ისტორია მოგიყვეთ მამაცი ქართველების შესახებ. დღეს, XXI საუკუნეში, ახალი თაობა წერს საქართველოს ისტორიას. ისინი უშიშარნი არიან, იმედით სავსენი და მზად არიან, ჩვენ მზად ვართ“, – აღნიშნა ქეთევან ქერაშვილმა.