ლამაზი სიტყვების უკან იმალება საქართველოზე, მის სუვერენიტეტსა და დემოკრატიაზე შეტევის სურვილი... სამწუხაროდ, გერმანიის ელჩი, ამ კუთხით, ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ - ირაკლი ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა გერმანიის ელჩის ვიდეომიმართვა, რომელიც პეტერ ფიშერმა ილიაუნის სტუდენტური მოძრაობისთვის ჩაწერა. მმართველი გუნდის განცხადებით, ელჩი განაგრძობს რადიკალურ დაჯგუფებებთან თანამშრომლობას და მათ წახალისებას.

ვიდეომიმართვაში პეტერ ფიშერი საუბრობს ქართული ოცნების ნაბიჯებზე და უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეებზე.

"ქართულ ოცნებაში" დღეს გაიხსენეს ილიაუნის მოძრაობის წვერების ქმედებები, მათ შორის თავდასხმა მარიამ ლაშხზე მცირეწლოვან შვილებთან ერთად.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გერმანიის ელჩი უხეშად ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში.

"გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს სურთ, რომ საქართველოში, მათი სურვილისამებრ დაკომპლექტებული მთავრობა მოიყვანონ და არა ის, რასაც ხალხი დემოკრატიულ არჩევნებში ირჩევს, ამიტომ ისინი მუდმივად, უხეშად არღვევენ დემოკრატიის ყველა პრინციპს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობისა და ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში, აფინანსებენ იმ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც შემდგომ ამას რევოლუციური მოძრაობების გენერირებაში იყენებენ.

ეს არის სწორედ ის, რომ ლამაზი სიტყვების უკან დამალული არის სწორედ ეს საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე შეტევის სურვილი. სამწუხაროდ, გერმანიის ელჩი, ამ კუთხით, ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.