კოალიცია „ძლიერი საქართველო“ საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს დღეს მიმართავს

ძლიერი საქართველო

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს მიმართავს. ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ დღეს შესაბამისი დოკუმენტაციით მივმართავთ ცესკო-ს სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება მიღებული გვქონდა, უბრალოდ ველოდებოდით პროცედურულად იურიდიულ ნაბიჯებს, რომელიც გუშინ წარმოიშვა, მიუხედავად იმისა, რომ არალეგიტიმურია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, კოალიციას „ძლიერი საქართველო“ აქვს კონკრეტული გეგმა, შეიქმნას სახალხო პარლამენტი.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ეს არის ალტერნატიული პარლამენტის – სახალხო პარლამენტის შექმნის იდეა. იმ არჩეული და მოპარული ხმების დაანგარიშებით დეპუტატების საფუძველზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პირების აქტიური ჩართულობით, რომ შევქმნათ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, მოვთხოვოთ დასავლეთს ამ ცენტრის და ალტერნატიული პარლამენტის აღიარება“, – აღნიშნა ხაზარაძემ.