პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კენჭისყრის დღეს ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით ამომრჩეველს ინსტრუქციას კომისიის წევრები მისცემენ, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “ყველა შეკითხვა ცესკოს“.
ცესკო-ს თავმჯდომარემ სტუდიაში წარმოადგინა არჩევნებზე ხმის მიცემის სრული პროცესი.
გიორგი კალანდარიშვილმა ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველი გადის მარკირებას და შემდეგ ხდება ID ბარათის ან პასპორტის ვერიფიცირება აპარატზე, შემდგომ ფარულობისთვის განსაზღვრულ ჩარჩოფორმაში ბიულეტენი უნდა მოთავსდეს ამობრუნებული სახით, ამომრჩეველი კაბინაში მარკირით ახდენს მხოლოდ ერთი, მისთვის მისაღები პოლიტიკური პარტიის წინ არსებული წრის გაფერადებას, გამოდის, ასევე ხმის ფარულობისთვის ჩარჩოფორმა ამობრუნებული სახით მიაქვს ოპტიკური სკანერის ღია ჭრილთან, ამ ჭრილში ბიულეტენს საწყისი ნაწილით ათავსებს და ელოდება შეტყობინებას, რომ მისი ხმა მიღებულია.
„შეტყობინების დალოდება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თუ აპარატი ბიულეტენს არ იღებს და ბიულეტენი უკან გამობრუნდა, რაც გვერდულად მოთავსების გამო არ არის, ამ შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ბიულეტენი იყოს დაზიანებული და აუცილებელია, ის გამოიცვალოს. შესაბამისად, თუ თქვენ საარჩევნო უბანზე აღარ იქნებით, ცხადია, ეს ბიულეტენი ვეღარ მოხვდება ხმის მთვლელ აპარატში და თქვენს ხმას დაკარგავთ“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
აქვე, ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების გამო ბიულეტენში მონაცემები ორ სვეტად იქნება – ერთი პარლამენტის ნაწილში და მეორე უმაღლესი საბჭოს ნაწილში, სადაც ამომრჩეველმა შესაბამის სვეტებში უნდა მოახდინოს სასურველი თითო-თითო წრის გაფერადება.
„აქვე ვიტყვი, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 11 სუბიექტი იღებს მონაწილეობას. ამასთანავე, ჩოხატაურის და სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირებს, რომელთა ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება შუალედური არჩევნები საკრებულოს გამოკლებული წევრის შევსების მიზნით, შევახსენებ, რომ ამ მაჟორიტარული ოლქის საზღვრებში ბიულეტენი ასევე იქნება წარმოდგენილი ორ სვეტად, სადაც ერთ შემთხვევაში პარლამენტის არჩევნებში მონაწილე სუბიექტს აირჩევს ამომრჩეველი, ხოლო მეორე სვეტის შემთხვევაში, ერთ ნაწილში – ჩოხატაურის, მეორე ნაწილში კი – სამტრედიის“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, არჩევნებზე ამომრჩევლის მიერ ხმის მეორედ მიცემა გამორიცხულია, რადგან ამას გამორიცხავს ერთი, მარკირების პროცედურა; და მეორე, აპარატი, რომელიც ID ბარათის ან პასპორტის ხელმეორედ მიწოდების შემთხვევაში ხმას გამოსცემს, ისევე, როგორც იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩევლის მონაცემები არ არის იმ უბნის საარჩევნო სიაში ან გადასატანი ყუთის სიაშია და ის უბანზე გამოცხადდა.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, დილით, მას შემდეგ, რაც კომისიის წევრები დარწმუნდებიან, რომ ხმის მთვლელ აპარატში არაფერი არ არის, ის დაილუქება და აპარატი გააქტიურდება, აპარატიდან ამოვა ნულოვანი ქვითარი და ამის შემდეგ იწყება კენჭისყრა.
გიორგი კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თუ გადასატანი საარჩევნო ყუთი გავა მოდერნიზებული საარჩევნო უბნიდან, ამომრჩეველთან მივა მოდიფიცირებული ბიულეტენი თავისი ჩარჩოფორმით. როდესაც ამომრჩეველი სახლში თავის ნებას დააფიქსირებს, ჩარჩოფორმაში ამობრუნებული სახით მოთავსდება ბიულეტენი და შესაბამისი ჩამკეტებით ჩაიკვრება, რომ ბიულეტენი ჩარჩოფორმიდან არ გადმოვარდეს, ხოლო როცა 20:00 საათზე საარჩევნო უბანი დაიხურება და გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნის პროცედურა დაიწყება, ეს ჩამკეტები მოიხსნება და იმავე ჩარჩოფორმით მოხდება მათი მოთავსება ძირითად საარჩევნო ყუთში.