ხმის დამთვლელი აპარატების მწყობრიდან გამოსვლის შანსები მინიმალურია, რასაც საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს - გიორგი კალანდარიშვილი

ცესკო

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე და ახალი სისტემის ტექნიკურ მხარეებზე “დღის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

კალანდარიშვილის განმარტებით, ხმის დამთვლელი აპარატების მწყობრიდან გამოსვლის შანსები მინიმალურია, რასაც საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს. თუმცა, მისი განმარტებით, თუ საარჩევნო უბანზე ერთი აპარატი გამოვა მწყობრიდან, მუშაობას მეორე განაგრძობს და ხმის მიცემის პროცესში შეფერხება არ იქნება.

“ჰიპოთეზური დაშვებები ყველაფერზე შეიძლება, ტექნიკაა და ყველაფერი შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს. ეს ახალი საოპერაციო სივრცე ამერიკული სტანდარტებით და საერთაშორისო კარგი პრაქტიკის მიხედვით შეიქმნა. ცოტა ხნის წინ ჩვენ გვქონდა ამ სივრცის პრეზენტაცია და იქ მოხდა ამ ტექნოლოგიური საშუალებების გამართვა, ტესტირება, კონფიგურაცია, ინფორმაციის ჩაწერა და გაგზავნამდე კიდევ შემოწმება. თუ სადმე იყო ასეთი შემთხვევები, რა თქმა უნდა გამოსწორდა ან ჩანაცვლება განხორციელდა.

ასევე, საერთაშორისო გამოცდილება ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები შეიძლება იყოს ძალიან მინიმალური. მაგრამ, ვთქვათ, რომ თეორიულად აპარატი გამოვიდა მწყობრიდან, ერთ აპარატის გამოსვლის შემთხვევაში, მუშაობას აგრძელებს მეორე, მეორე აპარატის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მესამე აგრძელებს და თუ რაღაც სასწაული მოხდა და ფორსმაჟორული გარემოებაა, სამივე აპარატი ჩაიხსნება, მოეხსნება ოპტიკური სკანირების აპარატი და ბიულეტენების აპარატში მოთავსება ხელით გაგრძელდება. რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს იმას, რომ ნაცვლად აპარატის დათვლისა, ისევ ხელით დავთვლით“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილი.