ხაზარაძე და დოლიძე გამოდიან და ამბობენ, რომ ეს ადამიანი მათი წევრი არ ყოფილა, ამით კიდევ ცდილობენ, რომ მოსახლეობა ტყუილში შეიყვანონ - ლევან მაჭავარიანი „ლელოს“ საპარლამენტო სიის 52-ე ნომრის დაკავებაზე

ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, ტრანსგენდერ ქალზე- ნატა ტალიკიშვილზე თავდასხმის გამო “ლელოს“ გაერთიანების საპარლამენტო სიის 52-ე ნომრის, დავით ფერაძის დაკავების საკითხი შეაფასა და აღნიშნა, რომ მომხდარი ძალიან მძიმე ფაქტია და “ლელო“ მძიმე მდგომარეობაშია.

მისი განმარტებით, ხაზარაძის და დოლიძის მხრიდან გაკეთებული განცხადება, თითქოს, ეს პიროვნება მათ სიაში არ ყოფილა, საზოგადოების კიდევ ერთხელ მოტყუების მცდელობაა, რადგან ეს ინფორმაცია საჯაროა და მისი გადამოწმება ყველას შეუძლია.

“გუშინდელი ფაქტი, რაც ჩვენ ვიხილეთ, ძალიან მძიმე ფაქტი იყო, რომელიც “ლელოს“ სიაში 52-ე ნომრად მყოფ პიროვნებას უკავშირდება. ძალადობა არის ძალადობა და ეს, რა თქმა უნდა დასაგმობია. ახლა ბატონი ხაზარაძე და ქალბატონი დოლიძე გამოდიან და ამბობენ, რომ ეს ადამიანი ჩვენი წევრი არ ყოფილაო, ამით კიდევ ცდილობენ, რომ მოსახლეობა ტყუილში შეიყვანონ, რადგან ეს ინფორმაცია საჯაროა. შევა ჩვენი თანამოქალაქე და გადაამოწმებს მათ პარტიულ სიას და ნახავენ, რომ საპარლამენტო სიაში წარმოდგენილი ჰყავდათ. ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.