კატეგორიულად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა, მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ შესაბამისი სამსახურები მალე მოახდენენ ეფექტურ რეაგირებას - დავით მათიკაშვილი

 დავით მათიკაშვილი

კატეგორიულად მიუღებელია ის ძალადობა, რომელიც გუშინ საზოგადოებამ იხილა კონკრეტული ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ, მინდა, უპირველესად მათ ჯანმრთელობა ვუსურვო და იმედი გამოვთქვა, რომ შესაბამისი სამსახურები, სამართალდამცავი ორგანოები ძალიან მალე მოახდენენ ეფექტურ რეაგირებას და იქნება ადეკვატური პასუხი გაცემული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, დასაგმობი ძალადობა მის ნებისმიერ გამოვლენაში.

„ცხადია, დასაგმობია უპირველესად ფიზიკური ძალადობა, ასევე ვერბალური ძალადობა, ბულინგი. შესაბამის სტრუქტურებს აქვთ შესაბამისი რესურსი და პლაცდარმი, რომ სათანადოდ და ეფექტურად მოახდინონ შესაბამისი გამოძიება. ჩვენ ველოდებით და დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ კუთხით იქნება სიახლეები. კარგად დაინახა საზოგადოებამ, რომ ნიღბების ქვეშ შესაძლოა, იმალებოდნენ ისეთი სახეები, რომელთაც დესტრუქციის, ცეცხლის წაკიდების, კონკრეტული დანაშაულის ჩადენის გარდა არაფერი სურთ სხვა აქციაზე. ვიცით ჩვენ გერმანიის მაგალითი. გერმანია არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას ძალიან მკაფიო გაანალიზების გარეშე, იმავეს ვაკეთებთ ზუსტად ჩვენც, რადგან ახლა ნიღბები ნამდვილად კონტრპროდუქტიულია იმის, რომ მშვიდობიანი ფორმა აქციამ ბოლომდე შეინარჩუნოს. მეორე – თუ ვინმეს ხელი წაუცდება და მაინც ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რაც ჩვენ თუნდაც გუშინ ვიხილეთ, მის მიმართ სამართლის საქმის წარმოება იყოს მარტივი და იყოს ამოცნობადი ეს ადამიანი. მხოლოდ მართლწესრიგს და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.