კახა კალაძე: ოპოზიცია არ ელოდება ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას, რადგან არ აწყობთ ის შედეგი, რაც ქართველმა ხალხმა დადო

დედაქალაქის მერი

არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში „უკრაინიზაცია“ განხორციელდეს და ამ ტიპის პროცესები დაიძრას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ელოდებიან ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას, კახა კალაძის თქმით, მათ ეს არ აწყობთ.

„იმიტომ, რომ არ აწყობთ ის შედეგი, რაც ქართველმა ხალხმა დადო. ხალხმა აირჩია ქვეყანაში მშვიდობა. უთხრა არა აგენტურას, მოღალატეებს. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, იმის გათვალისწინებით რა გადალაგებები მიმდინარეობს მსოფლიოში და რა ხდება რეგიონში. არის გამუდმებული მუქარები, შანტაჟები. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ხელში ჩაიგდონ და გამოიყენონ როგორც მეორე ფრონტი. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ „უკრაინიზაცია“ განხორციელდეს და ამ ტიპის პროცესები დაიძრას. საქართველოში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა. ჩვენ ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით და ღირსეულად შევძლებთ ევროკავშირში გაწევრიანებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დღეს, ოპოზიციას აქვს იგივე მცდელობა, რაც 2020 წელს, რათა ქვეყანა საკუთარ ხელში ჩაიგდონ და თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ.

„მიუხედავად იმისა, რომ მთელი საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით და ვაქვეყნებდით შესაბამის კვლევებს, რომლებიც ხალხის განწყობაზე იყო დაფუძნებული, ისინი პირიქით სიცრუეს ავრცელებდნენ. საკუთარ ამომრჩეველს ატყუებდნენ, ვიგებთო. არჩევნების დასრულების შემდეგ, ამომრჩეველი აზეიმეს, „ტაშფანდური“ ჰქონდათ გამართული, შამპანურების გახსნით და ჭიქების ჭახა-ჭუხით. შემდეგ გაირკვა, რომ დამარცხდნენ. მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაგვიჭირა ჩვენ. ამაზე გაგიჟდნენ და თავიანთი უცხოელი პატრონებისგან დავალება მიიღეს, დაეწყოთ არჩევნების გაშავება. 26 ოქტომბრის შემდეგ რამდენი სისულელე მოვისმინეთ გაყალბებაზე. თუმცა, ერთი კონკრეტული ფაქტი ვერ დადეს. ამჯერადაც, ისინი „პივიტის“ პარალელურ დათვლებს არ აქვეყნებენ და არ აჩვენებენ საზოგადოებას, რადგან ერთი ერთში ემთხვევა არჩევნების რეალურ შედეგს. მცდელობა აქვთ იგივე, როგორც 2020 წელს, მაგრამ დღეს უფრო დიდი მასშტაბებით, რათა ქვეყანაში მოაწყონ გადატრიალება, ხელისუფლება საკუთარ ხელში ჩაიგდონ და თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.