კახა კალაძე: 13 სექტემბერს დაანონსებული აქცია და ვიზალიბერალიზაციის საკითხი არის ბოლო იარაღი, რომელიც ევროპელ ბიუროკრატებს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ აქვთ

კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ცალკეული ოპოზიციური პარტიების მიერ 13 სექტემბერს დაანონსებული საპროტესტო აქცია და ვიზალიბერალიზაციის საკითხი არის ბოლო იარაღი, რომელიც ევროპელ ბიუროკრატებს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ აქვთ.

მისი თქმით, მანამდე იყო კანდიდატის სტატუსი, რომლის გამოყენებითაც რევოლუციის მოწყობა სცადეს და არაფერი გამოუვიდათ.

„ეს არის ბოლო იარაღი, რომელიც ამ ევროპელ ბიუროკრატებს აქვთ საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. გახსოვთ, მანამდე იყო კანდიდატის სტატუსი, რევოლუციის მოწყობა სცადეს, მარტივი მესიჯი ჰქონდათ და არაფერი გამოუვიდათ. ახლაც იმავეს იმეორებენ, თითქოს ჩვენ რა შუაში ვართ და საქართველოს ხელისუფლებას მოჰკითხეთო. რეალობა კი, მდგომარეობს იმაში, რომ საერთოდ ის მოთხოვნები და მესიჯები, რაც გაჟღერდა, რომ საქართველომ ესა და ეს უნდა გააკეთოს, არაფერ კავშირშია ვიზალიბერალიზაციასთან და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებთან. ეს არის პოლიტიკური მოტივებით გაჟღერებული განცხადებები, რომელიც არის უსამართლო, ცილისმწამებლური და, რა თქმა უნდა, გაჯერებულია ტყუილებით. აი, ეს არის დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ე.წ. FARA-ს კანონის მიღება აუცილებელი არ გახდებოდა, რომ არა საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნარატივი და ექსტრემიზმის დაფინანსებისთვის შემოდინებული თანხები.

„ე.წ. FARA-ს კანონით ვინ შევიწროვდა? აღნიშნული კანონის მიღების აუცილებლობა დღის წესრიგში არ დადგებოდა, რომ არა ის მტრული ნარატივი, რაც მოდის ევროპის ზოგიერთი ქვეყნისგან, ევროპის მაღალი თანამდებობის პირებისგან, იმ ორგანიზაციებისგან, რომლებიც რევოლუციებსა და სახელმწიფო გადატრიალებებს აფინანსებდნენ ქვეყანაში და ვითომ კეთილი საქმეებით ფუთავდნენ. რეალობაში თანხები მიდიოდა ექსტრემიზმის დაფინანსებაზე, რევოლუციის მოწყობაზე, პოლარიზებაზე, საზოგადოების გახლეჩასა და დაპირისპირებაზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ FARA-ს კანონის მეშვეობით საქართველოს საზოგადოებამ შეიტყო იმის შესახებ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ რეზოლუციების მიღება და ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთება ფინანსდება.

„რა თქმა უნდა, სახელმწიფო, თავისი შესაბამისი ინსტიტუციებით, ამას არ და ვერ დაუშვებს. ვერავის მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ შემოიტანონ თანხები და ეს თანხები იყოს არაგამჭვირვალე და შემდეგ გამოყენებული იყოს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისთვის, დაპირისპირებისა და სისხლისღვრისთვის. არავის მივცემთ ამის საშუალებას და ამიტომ გახდა საჭირო FARA-ს კანონის შემოღება, რომელიც აშშ-ში ათეული წელია ძალიან კარგად მუშაობს და მისი საშუალებით  საქართველოს მოსახლეობამ გაიგო, რომ რეზოლუციების მიღება ვიღაცეების დაფინანსებით ხდება; იმისთვის, რომ შელახონ საქართველოს იმიჯი, ზოგიერთი კონგრესმენის მხრიდან ტყუილითა და ცილისწამებით გაჯერებული განცხადების გაკეთებაში იღებენ ფულს.

ჯანსაღი კრიტიკა, რა თქმა უნდა, მისაღებია, მაგრამ როდესაც თეთრზე გეუბნებიან შავიაო, როდესაც მოძალადეებზე და იმ ადამიანებზე, ვინც  პოლიციელებს ცოცხლად წვავდა, გეუბნებიან გმირიაო, ეს წარმოუდგენელია. ამას არც საზოგადოება მიიღებს და არც ჩვენ. სამართლიანი დამოკიდებულება უნდა იყოს, ჯანსაღი სამართლიანი კრიტიკა უნდა იყოს და არა ის, რასაც დღეს ვხედავთ და ვისმენთ“, – განაცხადა კალაძემ.