ჯო უილსონის მრჩევლის ჭკუაზე ამ ქვეყანაში არც არაფერი მოწყობილა, არც მოეწყობა და არც ახლა აქვს მას არავითარი გავლენა ჩვენზე და დემონსტრაციებზე - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე

ღრმა პატივისცემით, მაგრამ ჯო უილსონის მრჩევლის ჭკუაზე ამ ქვეყანაში არც არაფერი მოწყობილა, არც მოეწყობა და არც ახლა აქვს მას არავითარი გავლენა არც ჩვენზე და არც დემონსტრაციებზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

ლევან სანიკიძეს კითხვა დაუსვეს რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ მორიგ ვიდეოზე, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის პოლიტიკის მრჩეველი საქართველოში მაიდნის სცენარის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

ლევან სანიკიძის თქმით, საქართველოში დესტაბილიზაცია უნდა ბიძინა ივანიშვილს, რუსეთის ფედერაციას და მის ემისრებს.

„ჩემთვის ეს საერთოდ არაფერს ადასტურებს. ერთი რამ შემიძლია თამამად ვთქვა – ამ ქვეყანაში თუკი ვინმეს სურს არეულობა, 26 ოქტომბრის შემდეგ განსაკუთრებით, არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, რომელმაც მოპარა ქართველ ხალხს არჩევნები. ამ ქვეყანაში არეულობა, დაპირისპირება, ნამდვილად არ სურს ოპოზიციას, ნამდვილად არ სურს იმ ადამიანებს, რომლებიც არიან დღეს რეპრესიების მსხვერპლი. ამიტომ, ამ განცხადებას ნაკლებ მნიშვნელობას მივანიჭებდი, რადგან აქ პროცესის წარმმართველები ვართ ჩვენ, თითოეული ჩვენგანი, თითოეული დემონსტრანტი და რამდენიც არ უნდა ეძებოს „ქართულმა ოცნებამ“ რაღაცა უცხო ძალა, რომელიც საქართველოში პროცესს მართავს, მე ვიტყოდი, რომ, საბედნიეროდ, ეს პროცესი ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა რომელიმე ადგილობრივ, თუ უცხოელ მაღალჩინოსანს. ღრმა პატივისცემით, მაგრამ ჯო უილსონის მრჩევლის ჭკუაზე ამ ქვეყანაში არც არაფერი არ მოწყობილა, არც მოეწყობა და არც ახლა აქვს მას არავითარი გავლენა არც ჩვენზე და არც დემონსტრაციებზე. მე ასე მგონია და აქაც ღრმა პატივისცემით გამოვხატავ ამ პოზიციას. არ ვიცი, მას ვისზე აქვს გავლენა, დიდი ეჭვი მეპარება, რომ რაიმე პროცესზე ჰქონდეს საერთოდ გავლენა.

ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია უნდა ბიძინა ივანიშვილს, დესტაბილიზაცია უნდა რუსეთის ფედერაციას და მის ემისრებს. ეს აქციები ორგანიზებული იყო ირაკლი კობახიძის მოღალატეობრივი განცხადების მიერ. ეს უნდა გაიაზროს „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ამომრჩეველმა გადასარევად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუჩაში არ არსებობდა ისეთი მუხტი, როგორიც შეიძლება საჭიროებდა 26 ოქტომბრის შემდეგ. 28 ნოემბერს რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და ჯო უილსონის დაძახება ნამდვილად არ დასჭირვებია. საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმით, ასეთი განცხადებები ჩემთვის არის მიუღებელი. ამას ვაფიქსირებ მკაფიოდ და გასაგებად, თუმცა როდესაც ხელისუფლებაში გვყავს პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც არის ქებული ბატონი ლავროვის, მარგარიტა სიმონიანის და რუსი პროპაგანდისტების მიერ, მაშინ ამ განცხადებებზეც შესაბამისი რეაგირება უნდა არსებობდეს „ქართული ოცნების“ მხრიდან. ჩვენ კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში და ამ ქვეყნის დასავლური, ერთიანი, ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში, რა თქმა უნდა, კარგია დასავლეთის მხარდაჭერა, მაგრამ ეს, პირველ რიგში, არის ჩვენი არჩევანი, იმ ადამიანების, რომლებიც ქუჩაში გამოვდივართ და ვიცავთ ამ ქვეყნის ღირსებას“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.