ცნობილია ბრალდებულის ვინაობა, რომელმაც ვაკეში ბიზნესმენი მოკლა
1742239112
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილა და მხარი დაუჭირა.
კომიტეტის სხდომაზე, საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც თამბაქოს წარმოების ლიცენზიის აღების ვადის გადაწევას ითვალისწინებს, ერთ-ერთმა ინიციატორმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში 2024 წლის 19 ივლისს განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც დაწესდა თამბაქოს მწარმოებელთათვის რიგი მოთხოვნები. აღნიშნული განპირობებული იყო მაღალტექნოლოგიური სტანდარტიზებული საწარმოების ფუნქციონირების უზრუნველყოფით. შესაბამისად, მაღალი სტანდარტის მისაღწევად თამბაქოს წარმოება გახდა ლიცენზირებადი საქმიანობა.
როგორც მან აღნიშნა, ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელებისათვის მთავრობასა და საწარმოებს გარკვეული პერიოდი მიეცათ, თუმცა ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდა თამბაქოს წარმოების პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად გამართვისათვის, ამიტომაც დღის წესრიგში დადგა ლიცენზიის აღების ვადის გადავადება საწარმოო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის.
შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილების მიღების შემთხვევაში, თამბაქოს წარმოების ლიცენზიის აღების ვადა გადაიწევს 2026 წლის 1 იანვრამდე, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს საკუთარი წარმოება აღჭურვონ კანონმდებლობის შესაბამისად და აიღონ ლიცენზია, ისე რომ არ შეფერხდეს საწარმოო პროცესი.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი.
პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს გამარტივებული წესით იხილავს.