ისლანდიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1741635459
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტმა, 2025 წლის სამოქმედო გეგმის საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს მოუსმინა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის დინამიკა დადებითია, მაინც შორს ვართ იმ მაჩვენებლისაგან, როდესაც სკრინინგის ზოგადეფექტურობაზე შეიძლება იყოს საუბარი.
"დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ აქტივობას, რომელიც ორიენტირებულია დაავადებათა გავრცელების პრევენციასა და ადრეულ დიაგნოსტიკაზე. ამ ფაქტორს ჯანდაცვის ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია დიდი წარმატების მოტანა. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის განმავლობაში უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა მოსახლეობის მოცვის მაჩვენებელი, ეს მაინც ბევრად შორსაა ეფექტურობის ნორმალური მაჩვენებლისგან. დადასტურებულია, რომ სკრინინგის პროგრამები იმ შემთხვევაშია ეფექტური, თუ მოსახლეობის მოცვა 70%-ს შეადგენს, საქართველოში კი კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის მაჩვენებელი რეკომენდებულს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება და 15%-ს არ აღემატება. ეს მაჩვენებელი მოითხოვს გაუმჯობესებას“, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სამიზნე მაჩვენებლამდე მიღწევა ერთ-ორ წელიწადში შეუძლებელია, არარეალურია, ამიტომ სამინისტროს, მთავრობის გეგმები მაჩვენებლების ეტაპობრივად გაზრდას უკავშირდება, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ მოცვის 70%-იან მაჩვენებელს რამდენიმე წელიწადში დაუახლოვდეს.
მან ასევე ისაუბრა დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებსა და სკრინინგის გაუმჯობესებისთვის შემუშავებულ გეგმაზე.
"გავაანალიზეთ, თუ რა გამოწვევები არსებობს სკრინინგის პროგრამის სრულყოფილად ამოქმედების და დაავადებათა ადრეულად გამოვლენისთვის. რას აკეთებს სამინისტრო ამ მიმართულებით. კიდევ რა არის საჭირო იმისათვის, რომ გაიზარდოს მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა სხვადასხვა სკრინინგ პროგრამაში. მინისტრმა გაგვაცნო ის გეგმები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს სკრინინგის პროგრამის მოცულობის გაზრდას ქვეყანაში, რაც უპირველეს ყოვლისა, კიბოს პრევენციას შეუწყობს ხელს და დაავადებას შეამცირებს“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, კომიტეტი და სამინისტრო პროგრამის სრულყოფილად განხორციელებისთვის აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.