იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

არჩილ გორდულაძე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტით გაიმიჯნება ნარკოტიკული დანაშაულების შემადგენლობა და გამკაცრდება დასახელებულ დანაშაულებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომები.

ცვლილების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 260¹ მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, გადაზიდვასა და გადაგზავნას, ამასთანავე, მკაცრდება დასახელებული დანაშაულისთვის სასჯელის ზომა.

აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 260³ მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანას, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გაყიდვას.

სისხლის სამართლის კოდექსს, ასევე, ემატება 260² მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანას, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღებას ან/და გასაღებაში ხელშეწყობას. ამასთანავე, მკაცრდება დასახელებული დანაშაულისთვის სასჯელის ზომა.

კანონპროექტით, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება 261¹ მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, გადაზიდვასა ან გადაგზავნას. აგრეთვე მკაცრდება პასუხისმგებლობა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა და გადაგზავნისთვის.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ნორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება სასამართლომ მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ ნარკოტიკულ დანაშაულზე ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში მონაწილე პირის პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

ამასთანავე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) და 45¹ (მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა) მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენა გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 5 წლის ვადით, ხოლო მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით.

„ყველასთვის ცნობილია, რომ უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს ნარკოტიკების გასაღება, გაყიდვა და ზოგადად პრობლემა, რომელსაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია. ამ ყველაფერს ებრძვის არა მხოლოდ საქართველო, არამედ ყველა ცივილიზებული ქვეყანა. სამწუხაროდ, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში არაერთხელ იყო ფსევდოლიბერალური თავსმოხვეული კამპანია, რომელიც, მათ შორის, ნარკოტიკების მოხმარებასაც კი ახალისებდა - თითქოს განსხვავებული ტრენდი უნდა შეექმნათ, რომ ნარკოტიკის მოხმარება არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულს და პირიქით, ეს არის ადამიანის განვითარების, თვითგამორკვევის ერთ-ერთი საშუალება და შეუძლიათ, თავისუფლად მოიხმარონ ნარკოტიკები, რაც ხშირ შემთხვევაში წახალისებულიც კი იყო. ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ და ასევე იმისათვის, რომ ჩვენ ნარკოტიკების გასაღებას და გაყიდვას ვებრძოლოთ, გთავაზობთ ცვლილებები შევიტანოთ „სისხლის სამართლის კოდექსში“ და სხვა კანონებში, რომელიც იქნება ერთი ნაწილი იმ დიდი ბრძოლისა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ნარკოტიკების წინააღმდეგ აქვს გამოცხადებული“, - განაცხადა მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.