ის ყოველთვის ამბობდა, რა მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციაში რა წერია, მთავარია მე და ჩემს პატრონებს რა გვაწყობს - თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე

თენგიზ შარმანაშვილი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციაში აზრი ორად გაიყო - "ნაციონალური მოძრაობა" პლატფორმისგან კვლავ განზე დგას, ხოლო "ლელო-ძლიერი საქართველო" სხვა პარტიებთან ერთად განაგრძობს ექს-პრეზიდენტთან კოორდინაციაში ყოფნას. ნაწილის პოზიციაა, რომ ამ პირობებში საარჩევნო პროცესზე საუბარი თავის მოტყუებაა, ნაწილი კი თვლის, რომ შესაძლებლობა არსებობს არჩევნები ერთობლივად ჩაინიშნოს.

ყოფილმა პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სადაც გააჟღერა, რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებიც დაინიშნოს. გარდა ამისა, მან ხელისუფლებაზე გამარჯვებისთვის დასახულ სამ კომპონენტზეც ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროა - საზოგადოების ერთობა, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა და პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა, რომელსაც საზოგადოებაში მაღალი ნდობა ექნება.

ოპოზიციის მიზნები და გეგემები მიუღებელია უმრავლესობისთვის.

"როგორ აპირებს ამ არჩევნების ჩატარებას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებით და კონსტიტუცია ასეთი ფორმით, ამნაირი არჩევნების ჩატარებას რომ არ ითვალისწინებს, მან ეს უნდა იცოდეს. მაგრამ ის ყოველთვის ამბობდა - რა მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციაში რა წერია, მთავარია მე და ჩემს პატრონებს რა გვაწყობს.

ეს არის დაუშვებელი და თუ კიდევ ვერ მიხვდა, რომ ამას ეს ხელისუფლება არასდროს დათანხმდება და არც ქართველი ხალხი, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება ძლიერი იმით არის, რომ ქართველი ხალხის ნებაზე აფუძნებს ამ თავის პრინციპულობას და ასეც გავაგრძელებთ", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.