ირაკლი ზარქუა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

ირაკლი ზარქუა

დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარეს სისაკ გაბრიელიანსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველო-სომხეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის მრავალმხრივ თანამშრომლობაზე.

"სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, თუ რა კეთდება საქართველოში სომხური კულტურის პოპულარიზაციისთვის. ასევე, განვიხილეთ სომხეთში ქართული კულტურის კერებისა და ქართული ენის შემსწავლელი კურსების გახსნის საკითხები", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე, კომიტეტის წევრები - ნოდარ ტურძელაძე, ილია ინჯია და სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი სამველ მანუკიანი.