ირაკლი ქადაგიშვილმა იაპონიის პარლამენტში შეხვედრები გამართა

 საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა იაპონიის პარლამენტში შეხვედრები გამართა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის იაშირო აისავას მიწვევის საფუძველზე შედგა, ირაკლი ქადაგიშვილი თავის იაპონელ კოლეგას, პარლამენტის რეგიონალური განახლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ტანი კოიჩის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იაპონიის პარლამენტებს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და რეგიონული მოწყობის და პოლიტიკის საკითხებზე ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს.

საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების თანამშრომლობის გაძლიერებასა და ორმხრივი სამუშაო ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს იაშირო აისავამ და ირაკლი ქადაგიშვილმა. იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა მეგობრობის ჯგუფებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბების სურვილი გამოთქვა.

ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ იაპონიის მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის იაშირო აისავას და იაპონიის პარლამენტს მადლობა გადაუხადა. მანვე საქართველო-იაპონიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის სახელით, იაპონელი კანონმდებლები სამუშაო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელს, ტადაჰარუ იუჰარას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და იაპონიის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მიმოიხილეს და არსებული საინვესტიციო გარემო შეაფასეს. ტადაჰარუ უეჰარას თქმით, საქართველო მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რადგან წლების წინ იგი საქართველოში იაპონიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი იყო და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სტატუსით საქმიანობდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, საქართველოში იაპონელი სტარტაპების ვიზიტი იგეგმება, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო უმასპინძლებს. ირაკლი ქადაგიშვილი სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებას და პროცესების მხარდასაჭერად პარლამენტის ჩართულობის მზადყოფნას მიესალმა.

იაპონიაში ირაკლი ქადაგიშვილის შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.

იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან ანდრიაშვილთან ერთად ქალაქ უშიკუს ესტუმრა. ქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტსა და იაპონიის ქალაქ უშიკუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია იაპონური დელეგაციის თელავში ვიზიტის დროს გაიმართება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.