ირაკლი ქადაგიშვილი - უცხოეთიდან თითქოს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები კეთდება, მაგრამ დოკუმენტებზე როცა მიდგება საქმე, ძალიან ერიდებიან ოკუპაციის ხსენებას და დოკუმენტებში შეტანას

ირაკლი ქადაგიშვილი

ვხედავთ ხოლმე, თითქოს უცხოეთიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები კეთდება, მაგრამ რეალურად, დოკუმენტებზე როცა მიდგება საქმე, ძალიან ერიდებიან ოკუპაციის ხსენებას და ოფიციალურ დოკუმენტებში შეტანას. ამის გასატანად დიდი ძალისხმევა გვიწევს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, როცა საქმე ეხება დოკუმენტალურ ანალიზს, საქართველოს პოზიცია ყოველთვის მართალია.

„სირიასთან დაკავშირებული რეზოლუცია უილსონის მიერ იყო ინიცირებული. თითქოს, ის საქართველოს გადამკვდარი მეგობარია, მაგრამ მის დოკუმენტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღება არ იყო ასახული, რაც ჩვენ მოვითხოვეთ და ეს არის რეალობა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში დაემატება ჩანაწერი, რომელიც მოუწოდებს სირიის ახალ ხელისუფლებას, გააუქმოს როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე უკრაინის ტერიტორიების – დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.