1749635542
ირაკლი ქადაგიშვილი ომბუდსმენის ანგარიშზე: ყოველთვის არსებობს ქვეყანაში გარკვეული გამოწვევები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა შემთხვევაში ეს იყოს კონკრეტული ფაქტებით გამყარებული და დაბალანსებული

ლევან იოსელიანმა თქვა, რომ მე არ მინდა ვიყო ომბუდსმენი, რომელიც პოლიტიკურ შეფასებებს გააკეთებს, ან რომელიმე პოლიტიკური მხარის ინტერესების გამომხატველი იქნება. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს მისი გულწრფელი პოზიციაა და მთელი მისი საქმიანობის პერიოდში ამ პოზიციას ბოლომდე პრაქტიკული საქმიანობით დაამტკიცებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ სახალხო დამცველის ანგარიშზე საუბრისას.
„რაც შეეხება ანგარიშს, ბუნებრივია, რომ ყოველთვის არსებობს ქვეყანაში გარკვეული გამოწვევები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველა შემთხვევაში ეს იყოს კონკრეტული ფაქტებით გამყარებული და დაბალანსებული. აქ ეს შეეხო სხვადასხვა ადამიანებზე, მათ შრის პოლიტიკოსებზე, მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმას და ა.შ.
რაც შეეხება საპროტესტო აქციების გარშემო პოლიციის რეაგირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რა თქმა უნდა არ არსებობს დემოკრატია და თავისუფალი ქვეყანა, სადაც საპროტესტო აქცია არ ტარდება და აქცია თავისი უფლებებით არ სარგებლობს. ბუნებრივია, რომ საპროტესტო აქციების დროს პოლიციას თავისი ფუნქცია გააჩნია და პირველ რიგში ეს არის აქციის უსაფრთხოების დაცვა.
როდესაც ამ დროს პოლიცია ამეტებს თავის უფლებებს და არღვევს ძირითად პრინციპებს, რა თქმა უნდა ეს განსაკუთრებული კრიტიკის ღირსია. როდესაც საპროტესტო აქცია, მიზანმიმართულად, თავის თავში შეიცავს კანონის სრულად უგულებელყოფას, დარღვევას, გამიზნულ შეტევას პოლიციაზე, გამიზნულ შეტევას პარლამენტზე, ანუ რევოლუციური სცენარის რეალიზაციას, რომელიც არამარტო პარლამენტის შენობის დაკავებას ისახავს მიზნად, არამედ ე.წ. სისტემის დემორალიზაციას და ჩამოშლას. ამ შემთხვევაში დამოკიდებულება უნდა იყოს კრიტიკული ყველას მხრიდან“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.