1758051983
ირაკლი ქადაგიშვილი: მიუხედავად იმ დიდი ზეწოლებისა, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ყველა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია აჩვენებს, რომ ქვეყანას განვითარების საუკეთესო მაჩვენებლები აქვს. ანუ, პოზიტივი ამ ქვეყანაში სჭარბობს ნეგატივს

მიუხედავად იმ დიდი ზეწოლებისა, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ყველა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია და მათ შორის ევროკომისიის მიერ დაკვეთილი კვლევებიც აჩვენებს, რომ ქვეყანას განვითარების საუკეთესო მაჩვენებლები აქვს. ანუ, პოზიტივი ამ ქვეყანაში სჭარბობს ნეგატივს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კორუფციის სიმცირის რეიტინგი, - განაცხადა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
მან საზოგადოებას შეახსენა, რომ ევროკომისიის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში საქართველო ამ მიმართულებით ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
„ყველას კარგად გვესმის, რომ კორუფცია არის ის მანკიერება, რომელსაც ქვეყნის დაზიანება ძალუძს. მითუმეტეს, კორუფცია არის ის მანკიერება, რომელსაც ყველაზე კარგად იყენებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ქვეყნის შიგნით სიტუაციის მათ სასარგებლოდ მართვისთვის. ამიტომ, კორუფციის დამარცხებას, საბოლოო ჯამში ორი მიმართულება აქვს: ერთი, რომ ზოგადად კორუფცია იყოს მინიმალური, რაც კი შეიძლება და გაცხადებული მიზანია, რომ ევროპის საუკეთესო სამეულში ვიყოთ. მეორე მხრივ, გარე აქტორებს არ მიეცეთ საშუალება კორუფციით მართონ ქვეყანაში პოლიტიკური თუ სხვა პროცესები, რაც დამღუპველია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი. ეს ემსახურება როგორც ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე ეკონომიკურ უსაფრთხოებას და საბოლოო ჯამში აისახება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკური ისტორიით მივიდნენ და მათი ბექგრაუნდი არ ყოფილა ბიზნესი ან რაიმე სხვა საქმიანობა, რის გამოც კარგად ესმის რას ნიშნავს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებაში გადადგმული თითოეული ნაბიჯი.
„პრემიერ-მინისტრი არის პიროვნება, რომელიც თავიდან ბოლომდე, თავისი განათლებით, განვლილი გზით არის სუფთა პოლიტიკოსი. ანუ მისი პროფესიონალური საქმიანობა პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, მას ყველა ფლუიდით ესმის თუ რას ნიშნავს პოლიტიკაში თითოეული ნაბიჯი, მათ შორის კორუფციასთან მიმართებაში გადადგმული. მას, როგორც პოლიტიკოსს, მაღალი კლასის კონსტიტუციონალისტსა და იურისტს, კარგად ესმის რას ნიშნავს სუვერენიტეტი. მან იცის, რომ თუ რეალურად გვინდა ხალხის მმართველობა, უნდა შეგეძლოს საკუთარი ხალხის დაცვა. სხვანაირად, შეიძლება ბევრი ილაპარაკონ მოლდოვურ დემოკრატიაზე, მაგრამ იქ დემოკრატია არასოდეს იარსებებს. იქნება კლიენტურული დემოკრატია ვიღაცის სასარგებლოდ. დღეს საქართველოში არის იმის რეალური წინაპირობები, რომ ეს დემოკრატია არსებობდეს. სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ თავისი ხელით გამოუთხარა ძირი ამ შესაძლებლობას“, - აღნიშნა მან.