ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფორუმი სხვადასხვა საკითხზე ლიდერებს შორის მოსაზრებების გაცვლისთვის მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.ირაკლი კობახიძემ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის მუშაობის აღდგენის მნიშვნელობაზე და მომდევნო სხდომის უახლოეს მომავალში ჩატარებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და გამოითქვა იმედი, რომ 2025 წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.  შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს დიალოგს, რომელიც უზრუნველყოფს ნდობის აღდგენასა და რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას.შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობა, რომლის ფარგლებშიც მომდევნო მინისტერიალი თურქეთში გაიმართება.