ირაკლი კობახიძე: ევროპელი ბიუროკრატების მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ დაყენებული ყველა პირობა, პრაქტიკულად, დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან

ირაკლი კობახიძე

ჩვენ ყველა ნაბიჯისთვის მზად ვართ, გარდა იმ ნაბიჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება იმისთვის, რომ არ დადგეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების, ომში ჩართვის ან ხელისუფლების ცვლილების საკითხები.

პრემიერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდის „მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბუნებრივია ვიმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობით“.

„რაც შეეხება იმ პირობებს, რომლებსაც აყენებს ევროპული ბიუროკრატია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ყველა ეს პირობა პრაქტიკულად დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან. რასთან დაკავშირებითაც პირველ რიგში საზოგადოებამ უნდა გააკეთოს შესაბამისი შეფასება, რაში სჭირდება ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევა. ხედავთ, რომ პირდაპირ ხდება ევროპული ბიუროკრატიისგან იმ პროცესების მხარდაჭერა, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყანაში სიძულვილის, რადიკალური პროცესების გაღვივებასთან, ამას ბუნებრივია საზოგადოება აკვირდება და აფასებს, მთავარია, რომ საზოგადოებამ არ დაკარგოს სიფხიზლე, სიფრთხილე და თითოეულ იმ ქმედებას, რომელსაც იხილავს უნდა დააკვირდეს მაქსიმალური ყურადღებით. ეს არის მთავარი. ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბუნებრივია ვიმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობით“,-განაცხადა პრემიერმა.