1732386875
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყოველ ჯერზე ზურგს გვიმაგრებდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა იქნება მთავარი, რაც ხვალ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს, უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს წინსვლას
ჩვენ ყოველ ჯერზე ზურგს გვიმაგრებდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა იქნება მთავარი, ის, რაც ხვალ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველი ხალხის მყარად დგომა და ღირსეული დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოსადმი, უზრუნველყოფს, რომ ქვეყანა განაგრძობს წინსვლას, განვითარებას და შეინარჩუნებს მშვიდობას.
„რეალურად საზოგადოება არის ჩვენი მთავარი საყრდენი. არაერთხელ ხუმრობით გვითქვამს ერთმანეთისთვის, რომ ერთადერთი, ვინც დგას ჩვენ გვერდით, ეს არის ქართველი ხალხი - ეს ხუმრობანარევია, გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკაში ზოგადად მმართველ ძალას, პოლიტიკურ პარტიას მთავარი და ერთადერთი რაც სჭირდება, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. ჩვენთან ცდილობენ, სხვანაირად შემოატრიალონ და ყველაფერი ისე აჩვენონ, თითქოს არა ქართველი ხალხის აზრია გადამწყვეტი, გადამწყვეტია ის, ვინ რას იტყვის გარედან. სინამდვილეში, მთავარი, რაც ჩვენ გვიმაგრებდა ზურგს, ურთულეს წუთებშიც, ეს იყო სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნე, ქართველი ხალხის გამოცდილება და ქართველი ხალხის გვერდში დგომა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმე იყო ომის შემდეგი დღეები და შემდეგ ივნისი, როცა საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი.
„ძალიან მძიმე ვითარება იყო, ემოციური ფონი იყო შექმნილი ომის დაწყების შემდეგ და გახსოვთ, რა ხდებოდა - ამ ემოციურ ფონზე ოპოზიცია, ენჯეოები, სხვები, მათი მეგობრები, უცხოელები ითხოვდნენ ჩვენგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. გახსოვთ, როგორი მძიმე რეაქცია მოჰყვა მათი მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველო არ უერთდებოდა სანქციებს. სანქციები გამოიწვევდა ეკონომიკურ კატასტროფას ქვეყნისთვის, სულ მცირე ეკონომიკის 10-პროცენტიან ვარდნას ამას პირდაპირ ითხოვდა ამას ოპოზიცია, ენჯეოები და უცხოელები. ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში კიდევ გაჩნდა ეს მოთხოვნა, თან პირველად, მანამდე ერიდებოდნენ ამაზე საუბარს, ახლა პირდაპირ ჩაიწერა სანქციების დაწესება. პირდაპირ ითხოვენ ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც ჩამოაქციეს ქვეყნის ეკონომიკას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის შეფასებით, ვის რაში უნდა სჭირდებოდეს ქართული ეკონომიკის ჩამოქცევა, ქართული საზოგადოება ამ კითხვას თავად გასცემს პასუხს.
„შემდეგ გახსოვთ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით, თვითმფრინავებით მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა, რაც პირდაპირ ნიშნავდა ქვეყნის ომში ჩართვას. მაშინ გააკეთეს განცხადებები ბაიდენმა და ჯონსონმა, მათ თქვეს, რომ რეკომენდაციასაც კი არ უწევდნენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ წასულიყვნენ უკრაინაში მებრძოლებად, რადგან არ სურდათ, ენახათ ნატო მხარედ რუსეთთან კონფლიქტში. ასეთ დროს ოპოზიცია, ენჯეოები, მათი პატრონები, უცხოელები შენგან ითხოვენ, რომ მთავრობის ოფიციალური თანხმობით გაგზავნონ მებრძოლი მოხალისეები თვითმფრინავებით უკრაინაში, ანუ პირდაპირ ითხოვდნენ ქვეყნის სამხედრო კონფლიქტის მხარედ ქცევას. ძალიან მძიმე იყო აქ ვითარება და საზოგადოებისთვისაც რთული იყო აქ რაციონალური პოზიციის შერჩევა, რადგან იყო ძალიან მძიმე ემოციური ფონი, რუსეთი შეიჭრა სუვერენულ სახელმწიფოში, უკრაინაში, რაც ემოციურ ფონს ამძიმებდა. მაგრამ აქაც საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად გაიაზრა და საბოლოო ჯამში ჩვენ სწორედ ქართველი ხალხის მხარდაჭერით, მოვახერხეთ ის, რომ დავიკავეთ ერთადერთი უალტერნატივო და სწორი პოზიცია ჩვენი ქვეყნისთვის, რამაც საშუალება მოგვცა, არ ჩამოგვექცია საკუთარი ხელით ჩვენი ეკონომიკა და სამხედრო კონფლიქტის მხარედ არ გვექცია ჩვენი ქვეყანა. 2022 წლის ივნისში აბსოლუტურად უსამართლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. ამ ქვეყანაში 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას. ამ ფონზე, გამოუცდელობის პირობებში, ქართველ ხალხს შეიძლებოდა, არასწორი პოზიცია დაეკავებინა და შეიძლება, წამოგებოდა ამ ერთგვარ პროვოკაციას, რომელიც ჩვენ მივიღეთ, თუმცა აქაც ქართულმა საზოგადოებამ გამოიჩინა სიბრძნე, გამოცდილებიდან გამომდინარე. საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი დადგა ჩვენ გვერდით და ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, მთელი მოთმინებით და ბრძოლით წელიწად-ნახევარში მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყოველ ჯერზე ზურგს გვიმაგრებდა სწორედ ქართველი ხალხის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა იქნება მთავარი, რაც ხვალ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს. სწორედ ქართველი ხალხის მყარად დგომა და ღირსეული დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოსადმი, უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს წინსვლას, განვითარებას და შეინარჩუნებს მშვიდობას ამ ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.