ირაკლი კობახძე: „იგლ ჰილსზე“ ოპოზიციის მთავარი ხაზია, რომ შენდება ორი საშინელი ქალაქი, თურმე ქართულ დემოგრაფიას პრობლემა შეექმნება, რაც არის წმინდა წყლის სპეკულაციები

ირაკლი კობახიძე

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო ატეხილი ხმაურის მთავარი ხაზი არის, რომ შენდება ორი საშინელი ქალაქი, თურმე ქართულ დემოგრაფიას პრობლემა შეექმნება ამ პროექტით, რაც არის წმინდა წყლის სპეკულაციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ, როდესაც გაფორმდა მემორანდუმი ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით, მაშინ აბუ-დაბიში მოეწერა ხელი შესაბამის მემორანდუმს, მთელი ოპოზიცია გამოდიოდა და აცხადებდნენ, რომ ეს პროექტი იყო უპერსპექტივო.

„იგლ ჰულსის“ პროექტის გარშემო ხმაურს რაც შეეხება, მახსენდება რამდენიმე თვის წინ, როდესაც გაფორმდა მემორანდუმი ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით, აბუ-დაბიში მოვაწერეთ ხელი შესაბამის მემორანდუმს, მთელი ოპოზიცია გამოდიოდა, განსაკუთრებით აქტიურობდა „ბი ემ ჯი“ , „ტვ პირველთან“ დაკავშირებული ტელევიზია, მოჰყავდათ ე.წ. ექსპერტები, პოლიტიკოსები და აცხადებდნენ, რომ ეს პროექტი იყო უპერსპექტივო. მთელი კამპანიის ხაზი იყო ეს, რომ პროექტი იყო უპერსპექტივო. ახლა ყველამ დაინახა, რომ არა თუ უპერსპექტივო არ იყო ეს პროექტი, არამედ დაიწყო მისი განხორციელება. იყო მესიჯი კარგია, მაგრამ უპერსპექტივოა, ახლა არის მესიჯი პერსპექტიულია, მაგრამ ცუდია. ამ დონეზე არიან დასული. დღეს მთავარი ხაზია, რომ შენდება ორი საშინელი ქალაქი, თურმე ქართულ დემოგრაფიას პრობლემა შეექმნება ამ პროექტით, რაც არის წმინდა წყლის სპეკულაციები. განსაკუთრებით აქტიურობს „ლელო“, რომელიც ამ ტელევიზიას ფლობს და აქტიურობენ შესაბამისი პოლიტიკოსები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.