ირაკლი ღარიბაშვილი: 1 ოქტომბრის გამარჯვებამ თავისუფლებასთან ერთად ჩვენს ქვეყანას უწყვეტი 12 წლიანი მშვიდობიანი პერიოდი მოუტანა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რამაც განაპირობა ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით

ირაკლი ღარიბაშვილი

1 ოქტომბრის გამარჯვებამ თავისუფლებასთან ერთად მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ერთადერთი, უპრეცედენტო, უწყვეტი 12 წლიანი მშვიდობიანი პერიოდი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რამაც განაპირობა ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, პარტიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმ მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიაღწია.

მისივე თქმით, მიუხედავად ამ წინსვლისა, ის მძიმე რეჟიმი, რომელიც ხალხს ჩაგრავდა, კვლავ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.

„ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა, განვითარება და წინსვლა გვაქვს ყველა სფეროში, ქვეყანა 12 წელში გახდა ევროკავშირის კანდიდატი, მივიღეთ უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და თავისუფალი ვაჭრობა, გაიხსნა სხვა დიდი ბაზრები, ჩინეთის ბაზარი, რუსეთის ბაზარი, ქვეყანა გახდა სტაბილური და სიტუაცია პროგნოზირებადი. დღეს, მიუხედავად ამ წინსვლისა და მიუხედავად ძალიან ნათელი არჩევანისა, ისევ ის უბედურება, ის მძიმე რეჟიმი, რომელიც ჩვენს ხალხს ჩაგრავდა კვლავ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. თქვენ იცით კარგად, რომ მათ შექმნილი აქვთ ე.წ. 4 ბლოკი. მათ ამჯერად შეცვალეს ტაქტიკა და ფრონტი გაშალეს და წინასწარ, რეალურად, ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათ დე ფაქტო გაფორმებული კოალიცია აქვთ რა თქმა უნდა, ისევ სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ ლიდერობის ქვეშ“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.