იონათამიშვილი პოლ მასაროს განცხადებაზე: საქართველოში მაიდანი არ იქნება. კიდევ ერთხელ ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას, როგორ აქვთ გაყიდული სული, რომ საქართველო გაანადგურონ და მათ ამაში საკმაოდ სერიოზული ძალები ეხმარებიან

იონათამიშვილი

საქართველოში არანაირი მაიდანი არ იქნება. კიდევ ერთხელ ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს და მთლიანად ოპოზიციას, როგორ აქვს გაყიდული სული, რომ საქართველო გაანადგურონ და მათ ამაში საკმაოდ სერიოზული ძალები ეხმარებიან, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა, ჰელსინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩევლის პოლ მასაროს რუს პრანკერებთან გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ შესაძლებელია მაიდანი მოხდეს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა თუ რა ძალები ებრძვიან საქართველოს, ქართველი ხალხის სიმტკიცით და პრინციპულობით ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა.

„საქართველოში არანაირი მაიდანი არ იქნება და ვერც „ვოუქ იდეოლოგიას“ გაატარებს ვინმე. ვინც ამას ვერ ხვდება, მით უარესი მათთვის. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს და მთლიანად ოპოზიციას, როგორ აქვს გაყიდული სული იმისთვის, რომ რაიმენაირად საქართველო დაანგრიოს და გაანადგუროს და მათ ამაში საკმაოდ სერიოზული ძალები კი არ ეხმარებიან, არამედ პირდაპირ ავალებენ და ხელმძღვანელობენ საქართველოს მტრულ პროცესში. ჩვენ ვხედავთ, როგორი ძალები ებრძვიან ჩვენს ქვეყანას მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი ერთობით, ჩვენი სიმტკიცით და პრინციპულობით ჩვენ უზრუნველვყოფთ მშვიდობას“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის მრჩეველი და ჰელსინკის კომისიის შტაბის დირექტორი პოლ მასარო, რუსი პრანკერების ხაფანგში გაება. პრანკერებთან მან ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, ამ კონტექსტში საქართველო მოიხსენია და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ USAID-ი და NED-ი საქართველოს და სხვა ქვეყნებს ტოვებენ. აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში რადიკალურ მემარცხენე „ვოუქ იდეოლოგიას“ წარმატებით ავრცელებდნენ. პოლ მასარო აღიარებს, რომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების გზით ჯერ კიდევ ცდილობენ მაიდნის მოწყობას და დარწმუნებულია, რომ ამ პროტესტის გზით მთავრობის გადაყენებას შეძლებს. პოლ მასარო მაიდნის მოწყობის მიმართულებით სალომე ზურაბიშვილის მნიშვნელოვან როლზეც საუბრობს.