ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი არის მაგალითი, როგორ შეუძლია დიალოგს შედეგების მოტანა კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობისთვის - ფერიდუნ სინირლიოღლუ

ფერიდუნ სინირლიოღლუ

ვაფასებთ საქართველოსთან ხანგრძლივ პარტნიორობას. კვირას აღინიშნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მე-16 წლისთავი. ეს წარმოადგენს მძლავრ მაგალითს, როგორ შეუძლია დიალოგს შედეგების მოტანა კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველოში სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის.

„მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვიმყოფები საქართველოში ჩემი, როგორც ეუთოს გენერალური მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. როგორც ეუთო-ს გენერალური მდივანი, ვალდებული ვარ, ვითანამშრომლო ჩვენი ორგანიზაციის ყველა, 57 წევრ სახელმწიფოსთან. ჩემი ვიზიტისას მსურს, ხაზი გავუსვა საქართველოსა და რეგიონის მიმართ ეუთო-ს მტკიცე ერთგულებას. ჩვენ ღრმად ვაფასებთ ხანგრძლივ პარტნიორობას საქართველოსთან. ამ კვირას აღინიშნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, IPRM-ის მე-16 წლისთავი, რომელიც რეგულარულად იკრიბება ერგნეთში და წარმოადგენს მძლავრ მაგალითს იმისა, როგორ შეუძლია დიალოგს შედეგების მოტანა კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობისთვის.

ჩვენი მუშაობა ევროკავშირთან და გაერო-სთან გვიჩვენებს, რამდენად ეფექტურ მულტილატერალიზმს შეუძლია, ხელი შეუწყოს მედიაციას. დღეს მოგვიანებით მე ვეწვევი ოძისის გადასასვლელ პუნქტს და საკუთარი თვალით ვნახავ კონფლიქტის განგრძობით გავლენას. ჩვენი ჩართულობა არის და კვლავაც იხელმძღვანელებს ადგილზე მცხოვრები ხალხის საჭიროებებით. სტაბილურობა აქ, საქართველოში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც მისი ხალხისთვის, ისე მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ეუთო-სა და საქართველოს აქვთ თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც ათწლეულებს მოიცავს. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს შიდა და გარე გამოწვევების დაძლევაში და მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელონ ეუთო-ს ექსპერტიზასა და მხარდაჭერაზე დაყრდნობა. მადლობას გიხდით ეუთო-ს პრინციპებისადმი თქვენი ერთგულებისთვის“, – განაცხადა ფერიდუნ სინირლიოღლუმ.