გვითხრას მაინც რადიკალურმა ოპოზიციამ, რას ავალებენ, ვინ ავალებს, რა პატრონები ჰყავთ ასეთი, რომ ევროპულ რეზოლუციებზეც კი ვერ ბედავენ ხელის მოწერას - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

გვითხრას მაინც რადიკალურმა ოპოზიციამ, რას ავალებენ, ვინ ავალებს, რა პატრონები ჰყავთ ასეთი, რომ ევროპულ რეზოლუციებზეც კი ვერ ბედავენ ხელის მოწერას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით შემუშავდა საგანგებო რეზოლუციის პროექტი საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის გამოყენებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის მხარდასაჭერად ევროპარლამენტის მხრიდან.

მისივე თქმით, პროექტში ხაზგასმულია სამივე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობა და პროცესის დროულად წარმართვის, მათ შორის ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობა.

„პროექტში დაგმობილია რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში, საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და გამოხატავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას.  აღნიშნულ ინიციატივას საპარლამენტო ასამბლეის გუშინდელ სხდომაზე განსახილველად წარდგენისთვის პროცედურის თანახმად, ესაჭიროებოდა საპარლამენტო დელეგაციებიდან ათი დეპუტატის ხელმოწერა. ინიციატივას მხარი დაუჭირა მოლდოვის დელეგაციის სამმა დეპუტატმა, რომლებიც იმყოფებოდნენ ბრიუსელში, უკრაინის დელეგაციის მხრიდან გამოხატული თავდაპირველი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინელმა დეპუტატებმა უარი თქვეს რეზოლუციის თანასპონსორობაზე და პროექტის წარსადგენად ხელმოწერაზე. ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატის გარდა, იყვნენ „ნაცმოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ოთხი წარმომადგენელი იყო, მათ არაერთხელ ეთხოვათ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეზოლუციის პროექტის ინიცირების მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის გვეჩვენებინა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ერთიანი პოზიცია, მიუხედავად ჩვენი ასეთი დაპირისპირებისა, რაც როგორც ჩანს, ქართული რადიკალური ოპოზიციის მიზნებში არ ჯდება და ეს როგორც ქართულმა ისე საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს“

მისივე თქმით, ოპოზიციას გარკვეული თავის მართლების ეპიზოდები ჰქონდა, ამბობდნენ, რომ არ იცოდნენ, ვერ გაიგეს, რაღაც უნდოდათ ჩაეწერათ თუ არ უნდოდათ ჩაეწერათ.

„თქვენ შეგიძლიათ აიღოთ მთლიანი ტექსტი და თავიდან ბოლომდე არის დეკლარირება, თავმოყრა იმ ნარატივისა, რაც არის ყველაზე პროევროპული იქ იყო საუბარი ასევე იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ევროსტრუქტურებს თავის ვორდინგში შეეტანათ სიტყვა ოკუპაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებთან მიმართებაში და ა.შ. რეზოლუცია გამოხატავდა სამივე ქვეყნის გაწევრიანების შესახებ ურყევ ნებას და მხარდაჭერას. პარადოქსი იმაში მგდომარეობს, რომ ოთხი ოპოზიციონერი იყო და ორი დეპუტატის ხელმოწერაც კი საკმარისი იყო, რათა ეს რეზოლუცია დაინიცირებული, რაც არ მოხდა მათი უარის გამო.

ყოველგვარი ირონიისა და ნიშნის მოგების გარეშე – გვითხრან მაინც რას ავალებენ, ვინ ავალებს რა პატრონები ჰყავთ ასეთი, რომ ვერ ბედავენ ფეხის გადადგმას, ერთი სიტყვის თქმას და ერთ ხელმოწერას ასეთ პროაქტიულ ევროპულ რეზოლუციებზეც კი. მივეხმარებით იმაში, რომ თავი დაიხსნან მათ დავალებების მიღებისგან. წარმოიდგინეთ, ოთხი დეპუტატიდან ორმაც კი ვერ გაბედა იმ რეზოლუციაზე ხელმოწერა, რომელზეც ვერ იტყვიან ვერც ერთ სიტყვას, რატომ არ მოაწერეს ხელი. ათას თავის მართლებას მოიფიქრებენ, ან არ ვიცოდით, ან რაღაც, მაგრამ დარიგებულ ტექსტზეა საუბარი, რომელზეც ასევე დამატებით პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან მაკა ბოჭორიშვილს და მათ ვერ გაბედეს ხელმოწერა. ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინელებმაც ხელი არ მოაწერეს რეზოლუციას, სადაც საქართველოს გარდა, უკრაინაზეც იყო საუბარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.