გრიგოლ გეგელია: ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადება ადასტურებს, რომ გერმანიის ელჩზე თავდასხმა ემსახურება საქართველოს ევროპულ კურსსა და „ლელო - ძლიერი საქართველოზე“ ანგარიშსწორებას

გრიგოლ გეგელია

ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადება ადასტურებს, რომ გერმანიის ელჩზე თავდასხმა ემსახურება საქართველოს ევროპულ კურსსა და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ მიმართ ანგარიშსწორებას, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი სქართველოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანიაზე, როგორც უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორზე, თავდასხმა პირდაპირ ნიშნავს საქართველოს ევროპულ კურსზე თავდასხმას.

„ანტიკორუფციული სააგენტოს დღევანდელი განცხადება ადასტურებს, რომ გერმანიის ელჩზე, ბატონ პეტერ ფიშერზე ხუთდღიანი თავდასხმა ემსახურება საქართველოს ევროპულ კურსზე და პროდასავლურ ოპოზიციაზე, კონკრეტულად კი, კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოზე“ ანგარიშსწორებას. ამ მიზნით „ქართული ოცნება“ უკვე აღარ ერიდება ევროპელი დიპლომატის, ევროკავშირის მოწინავე წევრი სახელმწიფოს ელჩის დისკრედიტაციას და, შესაბამისად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაზე ღია თავდასხმას!

არაღიარებული პრემიერის განცხადება, რომ გერმანიის ელჩი ნოტარიალური შეთანხმების გარეშე ახორციელებდა ეკონომიკურ თანამშრომლობას ვინმესთან, იყო აბსურდული და კომიკური! არა მარტო იმიტომ, რომ წარმოუდგენელია, გერმანიის სახელმწიფო რომელიმე წესის დაცვის გარეშე შედიოდეს მსგავსი ტიპის ურთიერთობაში, არამედ იმიტომაც, რომ მან ზუსტად იცოდა ამ ნორმატიული აქტის შესახებ, იცოდა დოკუმენტის ოფიციალური რეგისტრაციის ნომერი და ყველა სხვა ფორმალობა. დღეს ეს აქტი უკვე რეესტრშიც დარეგისტრირებულია, საჯაროა და ხელმისაწვდომია! კიდევ ერთხელ გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გერმანიაზე, როგორც უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორზე, თავდასხმა პირდაპირ ნიშნავს საქართველოს ევროპულ კურსზე თავდასხმას. დღეს სწორედ ეს არის არაღიარებული რუსული რეჟიმის უმთავრესი მიზანი და ბოლო ხუთი დღის განმავლობაში დადგმული საცირკო წარმოდგენა ემსახურება სწორედ ამას – ქვეყნის გარეთ – გერმანიაზე, ხოლო ქვეყნის შიგნით „ძლიერ საქართველოზე“ ანგარიშსწორებას“, – განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩთან ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო.