გოგა ხაინდრავა: ჩვენ ვცხოვრობთ პათოლოგიური სიცრუის ეპოქაში, 500 ევროდეპუტატი რეზოლუციას აძლევს ხმას, სადაც წერია, რომ ქართული საზოგადოება სტალინის ნოსტალგიით არის დაავადებული

გოგა ხაინდრავა

როგორი იყო წინასაარჩევნო პერიოდი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს - ამ საკითხზე კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. მისი თქმით, წინა და ამჟამინდელი ხელისუფლებების ქმედებების შედარება შეუძლებელია.

„კადრებს ვუყურებდით ახლა რა ხდებოდა მაშინ - ქვების სროლა, არამარტო სიტყვიერი, არამედ ფიზიკური ზეწოლაც იყო, ხალხს აშინებდნენ, დასდევდნენ, იჭერდნენ. მაშინდელი და დღევანდელი ხელისუფლების მენტალობა სხვადასხვაა. აბა შეხედეთ: მაშინდელი ხელისუფლება უტევდა ოპოზიციას, დღევანდელი ოპოზიცია უტევს ხელისუფლებას. შეუდარებელი მდგომარეობაა. ვინ გაბედავდა მაშინ იმას, დღეს რასაც ბედავენ ეს პარტიული ტელევიზიები და თუნდაც ცალკეული პოლიტიკოსები.

მე კარგად ვიცნობ უგულავასაც და ხატია დეკანოიძესაც და წარმოუდგენელია ხატია დეკანოიძეს ქუთაისში დავალების გარეშე დაეწყო ბანერების შეღებვა. თან რა წაშალეს - არა ომს. ან ისაა გონივრული დავალება, კომკავშირელი ხაზარაძე რომ ჰყავთ ლიდერად ჩაწერილი, ან ნიკა გვარამია რომ უნდა გახდეს ლიდერი, ანდაც რომ ცდილობ, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდეს ლიდერი“, - განაცხადა ხაინდრავამ.

კინორეჟისორმა კომენტარი გააკეთა წინასაარჩევნოდ ოპოზიციის, ასევე დასავლელი აქტორების კრიტიკულ განცხადებებზე და ევროპარლამენტის რეზოლუციაზეც.

„ჩვენ ვცხოვრობთ პათოლოგიური სიცრუის ეპოქაში. ეს სიცრუე აშშ-დან მოედინება. ყოველ ნაბიჯზე გვესმის, რომ „ქართულ ოცნებას“ სამი პროცენტი აქვს რეიტინგი, 5, 11, 12 - ეს ხომ ყველამ იცის რომ ტყუილია. იმ დღეს ბორელი გამოვიდა და თქვა, რომ მოლდოვაში სიბნელეაო და საქართველოში სიბნელეაო. მოლდოვაში გუშინწინ ბოლო პოლიტიკურ ორგანიზაციაში შევარდა პოლიცია და დაამთავრეს აღარც პრესაა და არაფერი. 500 დეპუტატი ფარატინა რეზოლუციას აძლევს ხმას, სადაც წერია, რომ ქართული საზოგადოება სტალინის ნოსტალგიით არის დაავადებული. ახალგაზრდები რომ ნახო, სტალინი ვინ იყო არ იციან. მსოფლიო პათოლოგიურ სიცრუეში არსებობს და ბუნებრივია ის კრიზისი, რაც არის და ეს ყველაფერში ჩანს.

აქეთ ოპოზიცია ყვირის - შიგ ევროპაშიო, იქით ხელისუფლება 2030 [წლისთვისო] და იმ 2030 წელს ევროკავშირი აღარ იქნება. არანაირი საფუძველი აღარ არსებობს ამ ორგანიზაციის არსებობის, რადგან არ შეიძლება პათოლოგიურ ტყუილზე იდგე. ევროპა რაზე იდგა, რამ შექმნა ევროკავშირი? - კეთილდღეობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, კულტურა - ამაზე დაფუძნდა და ამ დროს გამოდიან ევროპარლამენტის დეპუტატები და გეუბნებიან, რომ დაუყოვნებლივ გამოუშვი სააკაშვილიო. რა კანონით გამოვუშვა? გეუბნებიან, რომ რუსეთს დაუწესე სანქციებიო, მაშინ როდესაც ეს სანქციები კრახით დასრულდა. ამის შედეგად გერმანია და საფრანგეთი რეცესიაშია. მერე თავის თავს ატყებენ, მესამე ქვეყნიდან ყიდულობენ ნავთობს ათმაგი ფასებით, ავსებენ რუსულ ბიუჯეტს და ესენი უკრაინას მხარს უჭერენ ევროპარლამენტში“, - განაცხადა ხაინდრავამ.