გივი მიქანაძე: დღეს განათლება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამის დასტურია ის, რომ პრემიერის განსაკუთრებული მხარდაჭერით 2025 წელს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი, პირველად ისტორიაში, ქვეყანაში მესამე ბიუჯეტი გახდა

გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის 250 სტუდენტზე გათვლილი ახალი სასწავლო კორპუსი გახსნეს.

პრემიერ-მინისტრმა და მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სივრცეები დაათვალიერეს.

„შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დამსახურებულად დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში და მოიპოვა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი.

რეგიონში საგანმანათლებლო კერად ქცეული უნივერსიტეტი, ამავდროულად, უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ როლს ასრულებს - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყოველი მესამე სტუდენტი აფხაზეთის მკვიდრია. შესაბამისად, უნივერსიტეტი წარმოადგენს ერთგვარ ხიდს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობასა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის, რითაც უდიდესი წვლილი შეაქვს სამშვიდობო განათლებაში.

უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი წარმატებები დაკავშირებულია პროფესორ-მასწავლებელთა მაღალკვალიფიციურ, ძლიერ გუნდთან, რომელთა დაუღალავი შრომით, საქმისადმი ერთგულებითა და პატრიოტიზმით შესაძლებელი გახდა ხელშესახები შედეგების მიღწევა.

შეუძლებელია, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაზე საუბრისას არ გამოვყო ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა, რაც სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში გამოიხატება.

განათლება დღეს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამის ნათელი დასტურია ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძის განსაკუთრებული მხარდაჭერით 2025 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი, პირველად ისტორიაში, მესამე ბიუჯეტი გახდა ქვეყანაში.

ამასთან, პრემიერის მეთაურობით, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომლის მიერ შემუშავებული ფუნდამენტური რეფორმის კონცეფციის საჯარო პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში იგეგმება“, - განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ.

ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია უნივერსიტეტში განხორციელებული სამუშაოების შესახებ, რომელთა შედეგად ახალ კორპუსში ასევე მოეწყო უწყვეტი განათლების ცენტრი და ბიბლიოთეკა სტუდენტებისა და უწყვეტი განათლების პროგრამებში ჩართული პირებისთვის.

ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა და მისი ბიუჯეტი 1 749 770 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.