გიორგი ვოლსკი საფრანგეთის საელჩოს მიერ კანდელაკის ენჯეოს დაფინანსებაზე: ეს ფული კვლავაც მოხმარდება პროცესების რადიკალიზაციას, რაშიც საფრანგეთი გარკვეულწილად დაინტერესებულია, მას თავის პრაგმატული ინტერესი გააჩნია

ვოლსკი

იმდენად დარღვეულია ყველა პრინციპი, რომ ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ეს არის პოლიტიკური ფული, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი საფრანგეთის საელჩოს მიერ კანდელაკის ენჯეოს დაფინანსებას.

მისი თქმით, სავარაუდოა, რომ ეს ფული მოხმარდება რადიკალური პროცესების განვითარებას.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის შავი ფული. და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ წარსული გამოცდილებიდან, რომ ეს ფული კვლავაც მოხმარდება პროცესების რადიკალიზაციას, რაშიც საფრანგეთი გარკვეულწილად, დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში არის დაინტერესებული, მას თავის პრაგმატული ინტერესი გააჩნია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საფრანგეთის საელჩომ „გრანტების გამჭვირვალობის“ კანონის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე დაფინანსება კანდელაკის ენჯეოს გადასცა.

საფრანგეთის საელჩოს „ქრონიკამ“ კონკრეტული კითხვებით მიმართა, რა ოდენობის გრანტზეა საუბარი და რა ნიშნით შეირჩა აღნიშნული ორგანიზაცია, თუმცა ამ დრომდე დიპლომატიური წარმომადგენლობა დუმს.