გიორგი ვოლსკი ელენე ხოშტარიაზე: უშველებელი თანხები ერიცხება რუსეთიდან, ვიღაცამ შეიძლება დაუშვას, რომ შეკვეთა მასაც აქვს, რადგან რუსეთია, რომელსაც არ აწყობს ჩვენი და ევროკავშირის დაახლოება

ვოლსკი

ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც რაღაც სვლებს აკეთებს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც სექტაში გაწევრიანებული ჰყავთ, დაამუშაონ ნებისმიერი ნაბიჯით, რომ ხოშტარია რევოლუციონერი გმირია, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი დაკავებული ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომელიც მომხრეებს მოუწოდებს, საპატიმროს დასატოვებლად გირაო არავინ გადაუხადოს.

„მახსოვს, დიდი ხნის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში, ხოშტარია საკმაოდ დაბალანსებული, გონიერი, მცოდნე ადამიანი იყო. ასე უცებ რამ გადარია და რა მოხდა ასეთი რადიკალური?! ფსიქიურად არ შეცვლილა, აქედან გამომდინარე თუ ვისმჯელებთ, რომ უშველებელი თანხები ერიცხება რუსეთიდან, ვიღაცამ შეიძლება დაუშვას, რომ შეკვეთა მასაც აქვს, რადგან რუსეთია, რომელსაც არ აწყობს ჩვენი და ევროკავშირის დაახლოება.

იდეა არის უშველებელი, რომელიც უკავშირდება რუსეთის აგრესიის დივერსიფიცირებას სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. ამის გარშემო ხაბეიშვილები, ხოშტარიები, ბურჭულაძეები ტრიალებენ, რომ რაღაც მოციცქნონ, რასაკვირველია აქ ფინანსური დაინტერესებაცაა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

იზოლატორში მყოფი ელენე ხოშტარია მომხრეებს მოუწოდებს გირაო არავინ გადაუხადოს.

ელენე ხოშტარია შსს-მ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 15 სექტემბერს დააკავა.

ამასთან, „ქრონიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დაკავებიდან რამდენიმე საათში მისი მამის, გოგი ხოშტარიას ანგარიშზე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 9 მილიონი რუბლი ჩაირიცხა, რაც დაახლოებით 110 ათასი დოლარის ეკვივალენტია.