ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ორი რეზოლუცია დარეგისტრირდა
1732545267
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით კოლეგებთან საუბარი არ ჰქონია, თუმცა დარწმუნებულია, რომ ისინიც იმავეს გააკეთებენ.
„ოპოზიციონერ კოლეგებთან ვერ მქონდა კონსულტაცია, რადგან მთელი დღე თქვენთან ერთად ვარ. მე უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი. დაუყოვნებლივ მოვითხოვ, მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს მათთან ჩემი ყოველგვარი კავშირი. არანაირი კავშირი ამ თვითმარქვია დაჯგუფებასთან არ მექნება და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რათა მოვიპოვოთ გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც იმავეს გააკეთებენ, უბრალოდ მე ახლა აქ ვარ და აქედან მოგმართავთ თქვენ. ეს განცხადება უკვე რეგისტრირებულია პარლამენტში და დაუყოვნებლივ, ხვალვე მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მათთან კონტაქტი. მათთან არაფერი მაკავშირებს, არანაირი მანდატი, არანაირი პარლამენტი არ არსებობს. არსებობს ეს თვითმარქვია ორგანო და არსებობთ თქვენ, ძალაუფლება თქვენშია და არა – მათში“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ და აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ყოფნისთვის მადლობა გადაუხადა.
ვაშაძის თქმით, უკან არ დაიხევენ და ერთობლივი ბრძოლით აუცილებლად მიაღწევენ საბოლოო გამარჯვებას.
„ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის შენობიდან გაიპარა, გაიპარა საკუთარ თვითმარქვია დაჯგუფებასთან ერთად, რომელმაც დღეს საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო საქართველოში. პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არის დღეიდან არა ხელისუფლება, არამედ თვითმარქვია ადამიანების ერთობლიობა, რომელსაც უნდა, მიიტაცოს ეს ქვეყანა, მაგრამ პირობას გაძლევთ, ერთობლივი ბრძოლით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და მივიყვანთ ამ გამარჯვებას ბოლომდე. არც ერთი წუთით არ დავიხევთ უკან, ვიბრძოლებთ, რათა საქართველომ გაიმარჯვოს. ეს ბრძოლა შეიძლება, ცოტა გაგვიგრძელდეს, მაგრამ მერწმუნეთ, არც ერთ წამს, წუთს თქვენ ჩვენგან არ ნახავთ უკან დახევას. თქვენთან ერთად ბოლომდე მივაწვებით, რომ ეს რეჟიმი ჩამოიშალოს. მერწმუნეთ, აუცილებლად ასე მოხდება. ჩვენ არც წვიმა გაგვაჩერებს, არც ქარი, არც სიცივე და ჩვენი ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ და ვიზეიმებთ ისეთ საქართველოს, რომელიც გინდათ“, – განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, დღევანდელ დღეს არაფერი დასრულებულა, არამედ იწყება სრულიად ახალი პროცესი.
„ჩვენი ბრძოლის ხაზი იქნება პროტესტი, საგარეო ასპარეზი. სულ მალე დადგება წამი, როდესაც ჩვენ გადამწყვეტ შეტევას მივიტანთ ამ თვითმარქვია დაჯგუფებაზე და ვიზეიმებთ საბოლოო გამარჯვებას. დღევანდელ დღეს არაფერი დასრულებულა, პირიქით, დღევანდელ დღეს იწყება სრულიად ახალი პროცესი. ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, როცა ამ ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს. ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით ალტერნატიულ მექანიზმებს, რომელიც თქვენგან იქნება ლეგიტიმური და დაიწყებს ურთიერთობებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა საბოლოოდ ჩაბეტონდეს, რომ არ მოხდება ამ არჩევნების აღიარება და თქვენს წარმომადგენლად იქნება ცნობილი ის მექანიზმი, რომელსაც ჩამოვაყალიბებთ ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად. ხელს თუ ჩამოვუშვებთ, მაშინ მტერი გაიმარჯვებს, თუ ვიბრძოლებთ, თავდადებას, ბრძოლას, წინსვლას ყოველთვის ექნება შედეგი. თქვენ წინაშე ვფიცავ, რომ არც ერთი წამით არ დავიხევთ უკან. თქვენ ხართ ის ნათელი წერტილი, რომელიც იმსახურებს ღირსეულ, ერთიან, ევროკავშირის წევრ საქართველოში ცხოვრებას. მჯერა, ავაშენებთ ქვეყანას, სადაც დიდს და პატარას ექნება საკუთარი ღირსეული ადგილი. სულ მალე დიდი ზეიმი იქნება საქართველოში და საქართველოში ინათებს და აუცილებლად იქნება ის, რისთვისაც ვიბრძვით – ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირის წევრი საქართველო, ღირსეული ადამიანების ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.