გიორგი ტყემალაძე: ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა 2025 წლის ბიუჯეტზე - დოკუმენტზე, რომელმაც უნდა განაპირობოს მთელი ერთი წლის განმავლობაში ქალაქის განვითარება. ოპოზიციური კოლეგების მხრიდან კი ამ პროცესში ჩართულობა არ არის

გიორგი ტყემალაძე

რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, რომ ქვეყანაში იყოს სუსტი ოპოზიცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძლიერი ოპოზიცია იყოს და იგი იყოს ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, თუმცა ეს მათი დღის წესრიგი არ არის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჩართვისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ იღებს და მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„დღეს ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა 2025 წლის ბიუჯეტზე - დოკუმენტზე, რომელმაც უნდა განაპირობოს მთელი ერთი წლის განმავლობაში ქალაქის განვითარება. ოპოზიციური კოლეგების მხრიდან კი ამ პროცესში ჩართულობა არ არის. რას ნიშნავს ეს? რა თქმა უნდა, ეს მათი ამომრჩევლებისთვის ღალატია, მოტყუება. რისთვის აქვთ მათ ეს მანდატი? იმისთვის, რომ კეთილი ინებონ და გაატარონ იმ ამომრჩევლების ინტერესები, რომელთაც მათ მხარი დაუჭირეს“, - განაცხადა ტყემალაძემ.

გიორგი ტყემალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიასაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის თანახმად, მომდევნო წლის ბიუჯეტის მოცულობა 1 826 308, 6 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 763 354,7 ათასი ლარი) მიმართებაში 62 953,9 ათასი ლარითა გაზრდილი.