გიორგი სიხარულიძე: ის ვინც ითხოვს ფინანსური ტრანშების შეჩერებას, ვინც ითხოვს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების გაუქმებას, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, რა უნდა ვუწოდო ამ მოვლენებს თუ არა მოღალატეობრივი მოვლენა

გიორგი სიხარულიძე

ის ვინც ითხოვს ფინანსური ტრანშების შეჩერებას საქართველოსთვის, ვინც ითხოვს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების გაუქმებას, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, რა უნდა ვუწოდო ამ მოვლენებს თუ არა მოღალატეობრივი მოვლენა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ, რითაც ოპოზიციის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს არის მოღალატეობრივი მოვლენა, რომელიც საქართველოს ისტორიულად ახსოვს.

„ეს არ არის ახალი, საუკუნის წინ, რასაც აკეთებენ ბოლშევიკები, ახლა ნეოლიბერალები აკეთებენ ამას. მაგრამ ჩვენს ქვეყანას გადაშენება არ უწერია, გვაქვს ნათელი მომავალი. ჩვენ, როგორც არასდროს, ამ მეტად რთულ პერიოდში გვმართებს სიმშვიდე, გონიერება და ამ მასშტაბურ ბრძოლაში სიმშვიდით და გონიერებით საქართველო ისევ ნათელ გზას დაადგება, როგორც ეს მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიის მანძილზე მომხდარა“, - განაცხადა გიორგი სიხარულიძემ.

ის გლობალური მასშტაბით ღირებულებათა ომს და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა,

„გლობალური მასშტაბით, ის რაც ეროვნულია, ის რაც ფასეულია და ქვეყნის იდენტობასთან არის დაკავშირებული და რა ბრძოლაც მიმდინარეობს ზოგადად მსოფლიოში, ამ ომშია ჩემი ქვეყანაც ჩართული. ეს ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის ახლა. მითუმეტეს, სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იმართება, ისევე როგორც აშშ-ში ახლად ჩატარებულმა არჩევნებმა ცხადყო. ის საერთო ბრძოლა იდენტობის წინააღმდეგ, ის საერთო ბრძოლა, რომელიც ასეთ სახელმწიფოებს ემუქრება ფართო მასშტაბი აქვს ახლა ამ ყველაფერს მიღებული მაგრამ ამ ბრძოლაში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, როგორც ყველა ის ქვეყანა ვინც ასე ჭეშმარიტების გზას დაადგება და ადგას“, - განაცხადა გიორგი სიხარულიძემ.