გიორგი ქაჯაია: დღეს ვხედავთ, რომ იმედიანი, პროგრესზე ორიენტირებული ხელისუფლება გვყავს, მაგრამ ოპოზიცია გვყავს, რომელიც არ არის იმედიანი. როდესაც ვერ ქმნი პოლიტიკურ დღის წესრიგს, შედიხარ ისეთ ჩიხში, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთულია

გიორგი ქაჯაია

ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ ოპოზიციაში არსებული ვითარება შეაფასა. ამ თემაზე მან „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციური ფლანგიდან არის მხოლოდ და მხოლოდ რევანშისტული მოწოდებები და არაფერია იმაზე, თუ რას ჰპირდებიან თბილისის ამომრჩეველს“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არ იცვლება, ოპოზიცია კი ამომრჩეველს განვითარების გეგმებს ვერ სთავაზობს.

„თბილისის მერის არჩევნებია. ვინმემ მოისმინა ერთი პოლიტიკური განცხადება, თუ როგორ ფიქრობენ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას და გამარჯვების შემდეგ რას სთავაზობენ ქართველ ხალხს? პირდაპირ მიდიან რევანშისტულ მოქმედებებზე და მათი დღის წესრიგი არის ის, რომ როგორმე დაამხონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, თბილისის მერი ჩამოაგდონ, დასხდნენ თბილისის მერის სავარძელში, მაგრამ შედეგი რა არის?“, - კითხულობს ქაჯაია.

მისივე თქმით, ოპოზიციაში ბრძოლა მეორე ადგილისთვის მიდის, რადგან მათ გამარჯვების იმედი არ აქვთ, რადგან არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსი გააჩნიათ.

„დღეს ვხედავთ, რომ იმედიანი, პროგრესზე ორიენტირებული ხელისუფლება გვყავს, მაგრამ ოპოზიცია გვყავს, რომელიც არ არის იმედიანი. ეს კიდევ ერთი პოლიტიკური მავნებლობა და სიბრიყვეა. იბრძვი იმისთვის, რომ გახვიდე მეორე ადგილზე და უკვე შენს ამომრჩეველს აყენებ ამით შეურაცხყოფას. ოპოზიციის ოპოზიციად იქცნენ. როდესაც ვერ ქმნი პოლიტიკურ დღის წესრიგს, შედიხარ ისეთ ჩიხში, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთულია. აი, ამ ჩიხში არიან შესულები“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

მისი შეფასებით, ის პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იზიარებენ.