„საუკეთესო ადამიანი, მამა... გიო, მიწისთვის ვერ გიმეტებ...“ - ჭავჭავაძეზე დაღუპულ მეხანძრეს გლოვობენ
1734942807
რთულია დღევანდელი ღრმა პოლარიზაციის პირობებში იმის თქმა დაასრულებს თუ არა, ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ცესკო-ს წინააღმდეგ მიზანმიმართულ მადისკრედიტებელ კამპანიას ოპოზიციის მხრიდან, თუმცა რეალურად, ეს დასკვნა, მისი მიზანიც და მისი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ საყურადღებო და გასათვალისწინებელი იყოს ყველა ჩართული მხარისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.
„ჩვენ, ჩვენი უწყების კომპეტენციის ფარგლებში, შემიძლია გითხრათ ის, რომ მთელი წინა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ისევე როგორც არჩევნების შემდგომ პერიოდში, როგორც ეუთო/ოდირთან, ასევე სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო და არასადამკვირვებლო საერთაშორისო პარტნიორებთან, ორგანიზაციებთან ჩვენ გვქონდა მჭიდრო კომუნიკაცია და ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ველოდებით ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას, რათა კიდევ ერთხელ მოვახდინოთ მისი რევიზია, მიგნებების, რეკომენდაციების განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მისი გათვალისწინება, რათა თუ სადმე არსებობს კვლავ სივრცე იმისთვის, რომ შემდგომი გაუმჯობესებები ჰქონდეს საარჩევნო პროცესს, არჩევნების ადმინისტრირებას, მის როგორც დაგეგმვის, ასევე აღსრულების ნაწილში, რა თქმა უნდა, მიექცეს სათანადო ყურადღება“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, საჯაროდ გაკეთებული გარკვეული განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ როდესაც სხვადასხვა მხარისთვის მათთვის სასურველი ჩანაწერი იკითხება ხოლმე ეუთო/ოდირის დოკუმენტში, ასეთ შემთხვევაში ის დოკუმენტი არის კარგი და სხვა შემთხვევაში ხდება მისი უგულებელყოფა, იგნორირება.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ არჩევნების დაწყებამდე მნიშვნელოვანი იყო ეუთო/ოდირის როლი, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების როლი სადამკვირვებლო მისიების განხორციელებაში იმიტომ, რომ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ არჩევნების მთლიანობის უზრუნველყოფის მიზნით სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის რეპუტაციიდან გამომდინარე, და არა მხოლოდ, ამ შემთხვევაში საყურადღებო იქნება მისი მეთოდოლოგია, ის სტანდარტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობს სადამკვირვებლო მისიების განხორციელებაში.
„პირადად მე მრავალი წლის განმავლობაში ეუთოს ექსპერტი გახლდით, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან დამკვირვებლად სხვადასხვა ქვეყნებში და კარგად ვიცნობ მათ სპეციფიკას, მათ მეთოდოლოგიას და, ბუნებრივია, ამიტომაც არის ხოლმე დიდი მოლოდინი ეუთო/ოდირთან მიმართებაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში სხვადასხვა ჩართული მხარე იხელმძღვანელებს იმ დასკვნით, იმ საბოლოო შეფასებებით, რომლებიც იქნება წარმოდგენილი და პატივს სცემს მათ. ეს პატივისცემა, რა თქმა უნდა, გამოხატული უნდა იყოს იმით, რომ აღიარებული იყოს ის, რაც იქნება დაწერილი და ამასთანავე ყველა მხარემ, იქნება ეს პოლიტიკური მხარე, არასამთავრობო სპექტრი, თუ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ცესკოს თავმჯდომარემ გამოთქვა მზაობა, რომ კიდევ ერთხელ, არა მხოლოდ წინასწარი მიგნებების ნაწილში, არამედ საბოლოო დასკვნის ჭრილში გათვალისწინებული იყოს ის მიგნებები, რომლებიც დოკუმენტში არის მოცემული.