პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1751380931
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ადგილი აქვს უსამართლო და უსაფუძვლო დამოკიდებულებას.
გიორგი კახიანი საქართველოს პირველ არხთან საუბარში გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის დაბარებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, საუბრობენ, რომ თითქოს, საქართველოში დემოკრატიის მიმართულებით უკუსვლაა, მაგრამ სინამდვილეში, უამრავი საერთაშორისო მონაცემია, რომლის მიხედვითაც, საქართველო პირიქით წინ მიდის.
„ეს კიდევ ერთი გამოვლინებაა იმ უსამართლო დამოკიდებულების, რაც საქართველოს მიმართ არსებობს. სინამდვილეში, ასეთი შეფასებები ეფუძნება არასწორ და უსაფუძვლო შეფასებებს, თუ რაც ხდება საქართველოში მაშინ, როცა საუბრობენ ე.წ. პოლიტპატიმრებზე. ყველამ იცის, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. დიდი ბრიტანეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება უსამართლო და უსაფუძვლოა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, 30 ივნისს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია.