1744059571
გიორგი გახარია: ვაფასებთ და პატივს ვცემთ პარტნიორობას „ლელოსთან“ და მამუკა ხაზარაძესთან, ეს ურთიერთობა დაფუძნებულია თანასწორობაზე, პასუხისმგებლობასა და კოორდინაციაზე

ვაფასებთ და პატივს ვცემთ პარტნიორობას „ლელოსთან“ და მამუკა ხაზარაძესთან, ეს ურთიერთობა დაფუძნებულია თანასწორობაზე, პასუხისმგებლობასა და კოორდინაციაზე, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, „საქართველოსთვის“ და „ლელოს“ კანდიდატები ერთმანეთს არცერთ მუნიციპალიტეტში არ დაუპირისპირდება.
„დღეს „ლელო – ძლიერი საქართველოსთან“ ერთად წარვადგინეთ თბილისის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობისა და ვიცე-მერობის შეთანხმებული კანდიდატები. ამით შედგა ჩვენი შეთანხმების პირველი ეტაპი, დაპირება, რომელიც ქართულ საზოგადოებას მივეცით. თბილისის მერის თანამდებობაზე შეთანხმებული კანდიდატი ირაკლი კუპრაძე, არის ახალგაზრდა პოლიტიკოსი სუფთა რეპუტაციით, რომელსაც საზოგადოება იცნობს, როგორც სხვადასხვა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე მებრძოლ ადამიანს. მისი კანდიდატურა სრულად მისაღებია ჩვენი გუნდისთვის.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ჩვენი პარტიის კანდიდატი, გიორგი შარაშიძე, არის გამოცდილი და პრინციპული ლიდერი, რომელსაც საზოგადოება იცნობს როგორც პროფესიონალს, სანდო და კეთილსინდისიერ ადამიანს, რომელიც ემსახურება თბილისს და მის მოსახლეობას. ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ პარტნიორობას „ლელოსთან“ და მამუკა ხაზარაძესთან, ეს ურთიერთობა დაფუძნებულია თანასწორობაზე, პასუხისმგებლობასა და კოორდინაციაზე. ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურა, რომელიც თბილისისა და საქართველოს მცხოვრებლებს პარტიულ ინტერესებზე მაღლა აყენებს. ჩვენი ორი პოლიტიკური ძალიდან არც ერთი კანდიდატი არ დაუპირისპირდება ერთმანეთს საქართველოს არც ერთ მუნიციპალიტეტში – ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ორი განსხვავებული პარტია შეიძლება დადგეს ერთად, როდესაც ქვეყნის ევროპული მომავალი დასაცავია“, – წერს გახარია.