გიორგი გაბუნია: ჩვენ ვნახეთ ოთხი რევოლუციის მცდელობა, ამაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად კონკრეტული ტელევიზიები, რომელთაც აქვთ კონკრეტული პოლიტიკური მდგენელი და ამოცანები

გიორგი გაბუნია

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ოპოზიციური ძალები იმართებიან გარედან. როდესაც მათ ჰყავთ გარეთ დავალების მიმცემები და დამფინანსებლები, მათი პატრონებიც საკუთარ განცხადებებში კარგად ილუსტრირდებიან და კარგად ჩანან, ვინ არიან მათი მხარდამჭერები, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“ - ში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას.

„ჩვენ ვნახეთ ოთხი რევოლუციის მცდელობა, ამაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად კონკრეტული ტელევიზიები, რომელთაც აქვთ კონკრეტული პოლიტიკური მდგენელი და ამოცანები. ეს იყო უდიდესი ქსელი, უდიდესი ფინანსური რესურსებით, რომლებიც პირდაპირ მოქმედებდნენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამათ ჰყავთ თავიანთი პატრონები.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის უზარმაზარი თანხა რომელიც წლების განმავლობაში შემოედინებოდა საქართველოში პოლიტიკური მიზნებისთვის, ამას მოჰყვებოდა კონკრეტული ინტერესები. ესენი ძლიერდებიან და მხარდაჭერას იღებენ იმ პოლიტიკური ინსტრუმენტებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ეს არის რეზოლუციები, კონკრეტული ევროპაში მოქმედი, ევროპელი ბიუროკრატების განცხადებები, მათი აქ ჩამოსვლა ასევე.

ჩვენ ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს, ეს არის რბილი ძალა, რომელიც მოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, მათ მიერ დაფინანსებული კონკრეტული ტელევიზიების სახით და ასე შემდეგ. ამ რბილი ძალის დაფინანსება და საერთოდ მათი შემოსვლა საქართველოში ჯერ კიდევ ათეული წლების წინ მოხდა. რბილი ძალა რომ გაზარდო ქვეყანაში, დაახლოებით 20-25 წელი სჭირდება და სწორედ ეს ადამიანები დღეს როგორც, მოქმედებენ და რა დავალებასაც ასრულებდნენ იქიდან იწყება ეს პროცესები.

როდესაც ჩვენ უნდა ვუსმენთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, კარგად გაიხსენონ საიდან მოვიდნენ ეს ადამიანები პოლიტიკაში. ამათი აბსოლუტური უმრავლესობა მოსული არის არასამთავრობო სექტორიდან. მათ ჰქონდათ კონკრეტული ბიოგრაფია, რომელიც უკავშირდება ამა თუ იმ ფონდს, ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთაც ყოველთვის ჰქონდათ საქართველოში პოლიტიკური მიზნები, შემდეგ ესენი მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ვარდების რევოლუცია საქართველოში მოაწყო არასამთავრობო სექტორმა და მერე მათი ლიდერები მართავდნენ ქვეყანას“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.