გია ვოლსკი - საინტერესო საუბარი შედგა მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ამას სჭირდება გაგრძელება, რადგან ეს არის მთავარი ფორმულა და არა ფორმულა, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არის მიმართული

გია ვოლსკი

ასეთი დონის საუბრის დროს ყველანაირი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აქ რომელიმე მხარე იმარჯვებს, სწორი და რელევანტური არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ემანუელ მაკრონისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მთავარი თემაა, რომ საქართველომ გაიმარჯვოს და სტაბილურობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში იყოს შენარჩუნებული.

„ამაში ევროკავშირიც არის დაინტერესებული, საფრანგეთიც. რა საკვირველია, პირველ რიგში საქართველოა დაინტერესებული. ამ თემებზე იყო საუბარი ერთი საათი, ძალიან ფართო სპექტრის საკითხები განიხილეს. არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, არც სალომე ზურაბიშვილის საკითხზე. საინტერესო საუბარი შედგა და ამას სჭირდება გაგრძელება, რადგან ეს არის მთავარი ფორმულა და არა ფორმულა, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არის მიმართული, რასაც მაგალითად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი გვთავაზობს, რომ დაპირისპირება და გადატრიალების მცდელობები არ შეჩერდეს, რბევა და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ამისგან განსხვავებით ხდება ამ დონეზე საუბარი, რაც მისასალმებელი და კარგია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ემანუელ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი 11 დეკემბერს შედგა.